ბერძენიშვილი დევი კონსტანტინეს ძე (20. XI. 1934, თბილისი,– 17. VIII. 2008, იქვე), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1985).
დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ–ტი (1957). 1957–იდან მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ–ტში, სადაც დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფია“. 1997–იდან იყო ისტ.-გეოგრ. განყ-ბის გამგე, 1998–იდან – ამავე ინ–ტის მთავარი მეცნ. თანამშრომელი, 2002-იდან – საქართვ. ისტ. ფეოდ. ხანის განყ-ბის გამგე. წლების განმავლობაში მონაწილეობდა არქეოლ. და ისტ.–გეოგრაფიულ ექსპედიციებში საქართვ. სხვადასხვა კუთხეში (1953—2002). ეწეოდა პედ. საქმიანობას ე. ფიფიას სახ. სამედ. ინ–ტსა (1993—96) და ი. ჭავჭავაძის სახ. ენისა და კულტურის უნ-ტში (2002—03).
1975–იდან თანამშრომლობდა ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნ. რედაქციასთან. ბ-ის შრომები ეხება საქართვ. ისტ. გეოგრაფიის ზოგად და კონკრეტულ საკითხებს, შეისწავლა საქართვ. კუთხეები მხარეთმცოდნეობითი თვალსაზრისით, აღმოაჩინა და გამოაქვეყნა უცნობი ეპიგრაფიკული ძეგლები. მიღებული აქვს საქართვ. სახელმწ. საარქივო დეპარტამენტის აკად. ნ. ბერძენიშვილის სახ. პრემია (1998). მისი რედაქტორობით გამოიცა წიგნები: ნ. ბერძენიშვილი, „საქართველოს ისტორიის საკითხები“, ტ. VIII, თბ., 1990; „გ. ბოჭორიძე, მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში“, თბ., 1992 და სხვ.
თხზ.: ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ქვემო ქართლი, თბ., 1972; ლეჩხუმი, თბ., 1983; ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი–თორი, ჯავახეთი, თბ., 1985; გუჯარეთი, თბ., 1987; ჯავახეთი. ისტორიულ-ხუროთმოძღვრული გზამკვლევი, თბ., 2000 (თანაავტორი).