აბაშიძე ელენე მიხეილის ასული

ე. აბაშიძე

აბაშიძე ელენე მიხეილის ასული (დ. 18. III. 1922, ქ. ჭიათურა), გეოგრაფი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1998).

1944 დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ჰიდროლოგიის სპეციალობით.

1945-იდან ა. მუშაობდა განათლების სისტემაში პედაგოგად, სატყეო მეურნ. სამინისტროსა და „კავკასნახშირგეოლოგიაში“ – ჰიდროგეოლოგად, ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის, ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტებში – უფროს მეცნიერ თანამშრომლად.

ა. იკვლევდა კოლხეთის სხვადასხვა რ-ნში გრუნტის წყლის რეჟიმსა და გრუნტის ფილტრაციულ თვისებებს, წყალსაცავებიდან ფილტრაციის პროგნოზირებისა და რეგულირების საკითხს, კერძოდ, თბილისის, შაორისა და ენგურის წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული ქანების (კირქვები, დოლომიტები და სხვ.) ნაპრალებში ხსნადობის პროცესი, კარბონატულ ქანებში კარსტის წარმოშობის ჰიდროქიმიურ და ჰიდროდინამიკურ მექანიზმებს.

ა-მ პირველმა უარყო მეცნიერებაში დამკვიდრებული „ხსნადობის თეორია“, რ-იც იკვლევდა მხოლოდ ხსნადობის პროცესის საწყის მდგომარეობას, წყლის „ნულოვანი“ სიჩქარეების პირობებში (ე. ი. დამდგარ წყალში). ა-მ დაამტკიცა, რომ ხსნადობის პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის სიჩქარეს, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ნაპრალის გადიდებას (წელიწადში თითქმის 1 მმ, საწყისი 0,1 მმ სიგანის ნაპრალისთვის), რის შედეგადაც იზრდება გაფილტრული წყლის რაოდენობა.

ა-ს გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი ნაშრომი, რ-თა დიდი ნაწილი ეხება საქართვ. კარსტულ უბნებში არსებული წყალსაცავების ფილტრაციის საკითხებს. სამეცნ. დამსახურებისათვის ა. ამერიკის ბიოგრ. ინ-ტმა დაასახელა „1998 წლის ქალად“. მიღებული აქვს სიგელი.

თხზ.: ეკოლოგიის საფუძვლების ზოგიერთი საკითხები, კითხვარების სახით, თბ., 2001; წყალსაცავების ფუნდამენტში ფილტრაციისაგან ბეწვისოდენა სიგანის ნაპრალების დროში გაგანიერების ექსპერიმენტალური მონაცემები და მისი განსაზღვრის მეთოდი, თბ., 2014.