გავაზი

 გავაზი, ძველი გავაზი, ისტორიული სოფელი. მდებარეობდა თანამედროვე ახალსოფელი|ახალსოფლის (ყვარლის მუნიციპ.) ტერიტორიაზე, მდ. ალაზნის მარცხ. შენაკადის ავანისხევის (გავაზისწყლის) ორივე ნაპირზე. გ-ის დაწინაურებას ადრინდ. შუა საუკუნეებიდანვე ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა მდებარეობამ კავკასიონისა და ალაზნის ველის საზღვარზე.

ქართ. წერილობით წყაროებში გ. პირველად მოიხსენიება XI ს. ძეგლში „მატიანე ქართლისაჲ“ IX ს. მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც ქორეპისკოპოსმა სამოელ დონაურმა იქ დაამარცხა არაბები. X ს-ში კვირიკე ქორეპისკოპოსისა და კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობის შედეგად გ. და არიში კონსტანტინეს ერგო წილად. 1025 წ. წარწერა გვამცნობს გ-ში მნიშვნელოვანი მშენებლობის შესახებ. გ-ის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XV–XVI სს-ში. იგი კახეთის სამეფოს დედაქალაქიდან – გრემიდან შირვანისა და ირანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. გამომწვარი თიხის ფილებით მოგებული გზა საგანგებო სამეთვალყურეო კოშკებით იყო დაცული. თითო დღის სავალზე ქარვასლები იყო მოწყობილი. ერთ-ერთი ასეთი ქარვასლა იდგა გ-ში. შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების შემდეგ გ-ის მნიშვნელობა დაეცა. ლეკიანობამ იგი გააპარტახა. XVIII ს-ში გ-ის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდებით ახ. სოფელი აღმოცენდა. 1969–72 არქეოლ. გათხრებით (ხელმძღვ. ლ. ჭილაშვილი) გაირკვა, რომ გ-ის ტერიტ. დასახლებული იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. გაითხარა IX–XVI სს. გ-ის ძირითადი უბნები: ბაზარი (თანამედროვე „ნაბაზრალი“), დარბაზოვანი (ციხის, ეკლესიისა და სასახლის კომპლექსები), სამება (ეკლესია, ქარვასლა, სახელოსნო უბანი) და აგრარული ზონა „კოპალე“ (ქვის ყორეებით მოზღუდული მამულები, სარწყავი სისტემა). გ-ში დგას IV ს. დასასრ. და V ს. დასაწყ. ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ძველი გავაზის ღვთისმშობლის ეკლესია. გეგმით ტეტრაკონქის ტიპის ნაგებობაა – ცენტრ. კვადრატს ოთხივე მხრიდან ეკვრის ნალისებრი ფორმის აფსიდებით დაბოლოებული მკლავები, რ-თა კონქების გუმბათქვეშა თაღებიც ასევე ნალისებრი ფორმისაა. შესასვლელი ორია– სამხრ-იდან და დას-იდან. ადრე ძეგლს კიდევ ჰქონდა ორი შესასვლელი აღმ-იდან და ერთი ჩრდ. მხრიდან (სამივე ამოშენებულია). რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რ-იც უფრო მოგვიანო ხანას მიეკუთვნება, საგრძნობლად წაგრძელებულია. გუმბათის ყელში სამი სარკმელია. VIII–IX სს-ში ეკლესიას მიაშენეს გარსშემოსავლელი, რ-იც, როგორც ჩანს, თავდაპირველად მთელ ტეტრაქონქს ეკვროდა, მაგრამ შემდეგ დაზიანდა და ნაწილობრივ დაინგრა. 1850, როდესაც მიტოვებული სოფ. გავაზი ხელმეორედ დაასახლეს და ახალსოფელი უწოდეს, აღადგინეს და საფუძვლიანად შეაკეთეს გ-ის ეკლესიაც. სამხრ. ფასადზე, გარსშემოსავლელის კარის თავზე, მოთავსებულია წითელი ქვის ფილა წარწერით, რ-შიც ნათქვამია, რომ 1852 ივანე ამილახვარმა აღაშენა და დაასახლა სოფ. გ. და განაახლა ტაძარი. ძველი გ-ის ეკლესია უფრო საფუძვლიანად XIX ს. მიწურულსა და XX ს. დასაწყისში შეაკეთეს. 1985 დაიწყო ძეგლის რესტავრაცია (არქიტ. მ. დვალი და გ. ნიკოლაძე). ძეგლი გაიწმინდა, მოიხსნა შელესილობა შიგნით და გარედან. სახურავი აღდგა ძვ. ფორმით. ეზოს გალავანი განახლდა. აღდგა ღვთისმსახურება.

2011 კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო სამუშაოები.

ლიტ.: Чубинашвили Г. Н., Архитектура Кахетии, Тб., 1959.

ლ. ჭილაშვილი

მ. დვალი