ბეატუსი

ბეატუსი (730–798), წარმოშობით ასტურიელი ან ბასკი ბერი. შერაცხულია წმინდანად. მის კალამს ეკუთვნის აპოკალიფსის კომენტარები, რ-საც დართული აქვს რუკა რ-იც თარიღდება დაახლოებით 776 წლით. ბ-ის კომენტარები რუკითურთ მრავალჯერ გადაიწერა. დღეისათვის არსებობს მისი ათამდე ვარიანტი, რ-ებიც XI–XII სს. თარიღდება. ბ-ის რუკა ორიენტირებულია აღმოსავლეთზე. ხმელეთს გარს ერტყმის მსოფლიო ოკეანე. ქვედა, მარცხ. ნაწილი რუკაზე უჭირავს ევროპას, ქვედა მარჯვ .მეოთხედზე მოთავსებულია აფრიკა, ზედა ნახევარი მთლიანად აზიას უკავია. შავი ზღვის ზემოთ მოცემულია მხარეთა, ქალაქთა და ხალხთა ჩამონათვალი. აქ მოხსენიებულია ბოსფორანები, კოლხები, ნიკომედია, ბითვინია, პამფილია, ლიბია, აზია, კილიკია და სხვ. ზედა მარჯვ. მეოთხედში აღნიშნულია ჯერ ალბანეთის დასახელება, შემდეგ იბერია დაწყვილებულია ბაბილონიასთან. ზემოთ მოთავსებულია კავკასიონის მთები, რ-ებიც უშუალოდ ეკვრის, მისი შეხედულებით, სამოთხეს. ინდოეთი მოთავსებულია სამოთხის იქით. სამოთხე ერთგვარად ინდოეთსა და დღევანდელ კავკასიონს შორისაა მოქცეული. ბ-ის რუკებზე იბერია და კავკასია სამოთხესთან საკმაოდ ახლოს მდებარეობს და ეს გარემოება ამ ტერიტორიას გარკვეულწილად საკრალურობის ელფერს ანიჭებს. სამოთხეში დატანილია ადამისა და ევას გამოსახულებები. ბ-ისთვის კარტოგრაფია არის არა რეალური სამყაროს ასახვა, არამედ, უფრო მეტად, ისტორია და სამყაროს შესახებ საკუთარი მსოფლმხედველობის ჩვენება.

ლიტ.: თ ვ ა რ ა ძ ე  ა., საქართველო და კავკასია ევროპულ წყაროებში (XII-XVI საუკუნეთა ისტორიოგრაფიული და კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე), თბ., 2004; M I L L E R  K., Mappae mundi .: Die ältesten Weltkarten, Bd. 1-2, Suttg., , 1897.

ა. თვარაძე