ბაქო–სუფსის დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენი, კასპიის რეგიონის დასავლეთთან დამაკავშირებელი ენერგეტიკული დერეფნის შემადგენელი პროექტი.
1995 აზერბ. ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება – კასპიის ზღვის აუზის აზერბ. სექტორში აზერის, გიუნეშლისა და ჩირაღის საბადოებზე მოპოვებული ადრეული ნავთობის საქართვ. ტერიტორიის გავლით ტრანსპორტირების შესახებ, რამაც საფუძველი ჩაუყარა ბაქო–სუფსის ნავთობსადენისა და სუფსის ნავთობის ტერმინალის მშენებლობას.
მილსადენის მშენებლობა 1997 დაიწყო და 1999 წ. 17 აპრილს გადაეცა საექსპლოატაციოდ. საქართველოსთვის ეს იყო პირველი მსხვილმასშტაბიანი საერთაშ. ინფრასტრუქტურული პროექტი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 600 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციით, რ-ის ამოქმედებით საფუძველი ჩაეყარა კასპიის ნავთობის საერთაშ. ბაზრამდე დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტირებას. ნავთობსადენი, რ-ის მთლიანი სიგრძე 830 კმ-ია (აქედან საქართვ. ტერიტორიაზე – 376 კმ, მ. შ. 3 კმ ღია ზღვაში განლაგებულ ტივტივა ჩამტვირთავ მოწყობილობამდე) სათავეს იღებს ბაქოს მახლობლად, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან და მთავრდება შავი ზღვის სანაპიროზე სუფსის ტერმინალთან. ნავთობსადენის ფაქტობრივი მაქს. გამტარუნარიანობა წელიწადში 7 მლნ. ტ ნედლი ნავთობია. გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით მთელი მილსადენი მიწაშია ჩაწყობილი. იგი მოიცავს 775 კმ სიგრძის 530 მმ დიამეტრის ფოლადის მილებს, 6 სატუმბ (აქედან 3 საქართვ. მონაკვეთზე) და 2 წნევის დამწევ სადგურს. სუფსის სახმელეთო ტერმინალი შედგება ნედლი ნავთობის ოთხი, თითოეული 48820 მ³ ტევადობის, რეზერვუარისაგან. ბაქო–სუფსის ნავთობსადენით 1999-2021 წლების განმავლობაში ჯამურად გადატვირთულია დაახლოებით 98 მლნ. ტ ნავთობი. ბაქო–სუფსის ნავთობსადენის მშენებლობის შედეგად, საქართველო საერთაშ. ბაზარზე კასპიის საბადოების ნავთობის მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა გახდა.
თ. გოჩიტაშვილი