კვესიტაძე ივანე ფილიპეს ძე (6. VI. 1902, სოფ. რკვია, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, – 8. III. 1966, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტ. მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ვეტ. მეცნ. დოქტორი (1947), პროფესორი (1948). 1932 დაამთავრა ქ. ერევნის სავეტერინარო ინ-ტი. სხვადასხვა დროს კ. იყო საქართვ. ექსპერ. ვეტ. და საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტებში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხენის დაავადებათა შემსწავლელი, ასევე ეპიზოოტოლოგიური განყ-ბებისა და ეპიზოოტოლოგიის კათედრის გამგე. 1939–44 მუშაობდა საქართვ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სავეტერინარო სამმართველოს უფროსად. 1944–48 იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, 1949–56 – ზოოტექ.- სავეტერინარო, ხოლო 1946–56 – მეცხოველეობის და ვეტ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტების დირექტორი.
კ-ის სამეცნ. შრომები ეძღვნება სას.-სამ. ცხოველთა ინფექციური დაავადებების შესწავლის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავების პრობლემებს. კ-მ, სსრკ-ში პირველად (თანაავტორებთან ერთად), შეისწავლა და წარმოებაში დანერგა ბაქტერიოფაგი, როგორც ხბოების პარატიფისა და კოლიბაქტერიოზის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. ამ პერიოდში კ. თანამშრომლობდა რ. კოხის ლაბორატორიასთან. XX ს. 40-იანი წლების ბოლოს, კ-მ შექმნა ნახევრად თხიერი ფორმოლვაქცინა, რ-იც წარმატებით გამოიყენეს იმ დროისათვის საქართველოში გავრცელებული ცხვრის ინფექციური აგალაქტიის წინააღმდეგ. კ. ეწეოდა სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას. მან, თანაავტორებთან ერთად, გამოსცა ეპიზოოტოლოგიის (1951) და კერძო ეპიზოოტოლოგიის (1960) სახელმძღვანელოები.კ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლიტ.: კ ა პ ა ნ ა ძ ე კ., წ უ ლ ა ი ა ჯ., ვეტერინარიის ფუძემდებლები საქართველოში და მათი მომდევნო თაობა, თბ., 1997.
თ. ყურაშვილი