გელაშვილი მარი ვლადიმერის ასული

გელაშვილი მარი ვლადიმერის ასული (18. VII. 1917, თბილისი ‒ 25. X. 1999, ქუთაისი), მსახიობი. საქართვ. სახ. არტისტი (1980).

1934‒37 სწავლობდა მარჯანიშვილის თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიაში, რ-ის დამთავრების შემდეგ, ერთი სათეატრო სეზონი, მუშაობდა სოხუმის ქართულ თეატრში. 1938 მისი ყოფილი პედაგოგის დ. ანთაძის მიწვევით, გადავიდა ქუთაისში და სიცოცხლის ბოლომდე (გარდა 1951‒52 სეზონისა, როცა თბილ. მოზარდ მაყურებელთა ქართ. თეატრში მუშაობდა) მოღვაწეობდა ლ. მესხიშვილის სახ. დრამ. თეატრში, სადაც შექმნა 100-მდე სცენური სახე, მ. შ. უმრავლესობა წამყვანი როლები იყო. აღსანიშნავია: ემილია, კორდელია, ელისაბედ დედოფალი და ვოლუმნია (უ. შექსპირის „ოტელო“, „მეფე ლირი“, „რიჩარდ III“, და „კორიოლანოსი“), ამალია (ფ. შილერის „ყაჩაღები“), ფოსინე (კ. ბუაჩიძის „მკაცრი ქალიშვილები“), მარია ხოსეფა (ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“), ზოია ლუდიშევა (ა. ოსტროვსკის „ლამაზი მამაკაცი“), ნადია (მ. გორკის „მტრები“), ლუბოვ იაროვაია (ა. ტრენიოვის „ლუბოვ იაროვაია“), დარიკო, ფაცია, კნეინა ჩიტუნია (შ. დადიანის „ნინოშვილის გურია“ და „გუშინდელნი“), ჯავარა (ვაჟა-ფშაველას „მოკვეთილი“), თეკლე (ს. შანშიაშვილის „გიორგი სააკაძე“), ტიზბე (ვ. ჰიუგოს „ანჟელო“), ევრიდიკე (სოფოკლეს „ანტიგონე“), გულთამზე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), ესმა (გ. წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ფაიხოში (დ. ერისთავის „სამშობლო“), ნინო ჭავჭავაძე (შ. თაქთაქიშვილის „გრიბოედოვი“), ლუსი კუპერი (ვ. დელმარის „დაუთმე ადგილი ხვალინდელ დღეს“). გ-ის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი იყო წრფელი ემოციურობა, სცენური ხიბლი, დახვეწილი პლასტიკა, გმირის ხასიათში ღრმად წვდომის უნარი და ჟანრისა და სტილის კარგი შეგრძნება. მის მიერ შექმნილი სცენური სახეები განსაზღვრავდა თეატრის შემოქმედებით იერს. გ. პარტნიორობას უწევდა ქართ. სცენის ისეთ დიდოსტატებს, როგორებიც არიან: ა. იმედაშვილი, ა. ხორავა, ა. ვასაძე და სხვ.

გ. იყო ღირსების ორდენის კავალერი და ქუთაისის საპატიო მოქალაქე.