გელაშვილი ნაირა ვლადიმერის ასული

ნ. გელაშვილი

გელაშვილი ნაირა ვლადიმერის ასული (დ. 28. X. 1947, სოფ. ნუკრიანი, სიღნაღის მუნიციპ-ი), მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე. დაამთავრა თსუ-ის დას. ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი (1970), შემდეგ ასპირანტურა დას. ევრ. და ამერიკის ლიტ-რის სპეციალობით (1973). 1975–81 თსუ-ში კითხულობდა საზღვარგარეთის ლიტ-რის ისტ. კურსს. 1982-იდან საქართვ. მწერალთა კავშირთან არსებული მხატვრული თარგმანისა და ლიტ. ურთიერთობათა მთავარი სარედაქციო კოლეგიის უფროსი რედაქტორია. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო გერმ. პოეზიისა და ფილოს. ცალკეულ ნიმუშთა თარგმნით. პირველი მოთხრობები გამოაქვეყნა 1981 („მნათობი“, № 4), 1982 მოთხრობისათვის „მივემგზავრები მადრიდს“ მიენიჭა საქართვ. მწერალთა კავშირის პრემია წლის საუკეთესო მოთხრობისთვის. 1983 გამოქვეყნდა მისი მოთხრობების პირველი კრებ. და ზღაპრების წიგნი „წინწკლებიანი მუსტანგი და პატარა წვიმა“ (წიგნად გამოიცა 2019), 1986–რომანი „ამბრნი, უმბრნი და არაბნი“, 1987 – რომანი „დედის ოთახი“ (გამოც. 2–2018). 1991 გამოვიდა გ-ის ლიტერატურათმცოდნეობითი და პუბლიც. წერილების კრებული „ტრაგიკული გრადაცია“ („გეორგ ტრაკლი“, „რაინერ მარია რილკეს რომანი“, „ნოვალისი“ და სხვ.), 1991 ჟურნ. „მნათობში“ დაიბეჭდა რომანი „სარკის ნატეხები“, (გამოიცა წიგნად 2018), 1993 ბერლინში – მის მიერ გერმ. ენაზე დაწერილი წიგნი „საქართველო – სამოთხე ნანგრევებში“. 1993-იდან არის საქართვ. კულტ. ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის“ დირექტორი; რილკეს საერთაშ. საზ-ბის პრეზიდენტი (1994-იდან).

თხზ.: ამბრნი, უმბრნი და არაბნი, თბ., 2020; ბაღის ბოლოში, ლექსები, თბ., 2020; მე ის ვარ (ძველებური ამბავი მოზარდებისათვის), რომანი, თბ., 2020.