გელოვანი ავთანდილ გიორგის ძე

გელოვანი ავთანდილ (ბაჯული) გიორგის ძე (5. V. 1930, მესტია, – 25. V. 1994, თბილისი), ესტრადის რეჟისორი. საქართვ. დამს. არტისტი (1964).

1952 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის სამთო ფაკ-ტი (გეოლოგიის სპეციალობით). სტუდენტობის წლებში აქტიურად მონაწილეობდა პოლიტექ. ინ-ტის საესტრადო ორკესტრში როგორც მსახიობი (სალაპარაკო ჟანრი), სატირულ-იუმორისტული მინიატიურების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი. 1956-იდან საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის მსახიობი იყო (სალაპარაკო ჟანრი), 1955–61 – საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრის „რეროს“ მსახიობი (პროგრამის წამყვანი-კონფერანსიე ქ. კასრაძესთან ერთად); 1961–66 – საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის საესტრადო პროგრამების რეჟისორი, 1964 – საესტრადო ანსამბლის „ორერას“ დაარსების ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1967–75 – ფილარმონიის საესტრადო პროგრამების დამდგმელი რეჟისორი. ანსამბლ „რეროსა“ და „ორერასათვის“ დადგმული აქვს 15 საკონცერტო პროგრამა. 1975–76 მუშაობდა მინიატიურების სახელმწ. თეატრის მთავარ რეჟისორად (თეატრისათვის დაწერილი აქვს 13 პიესა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვ. თ. ჩანტლაძესთან ერთად). 1976–88 ფილარმონიის საესტრადო სამმართველოს მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1988–92 ფილარმონიის მთავარი რეჟისორი, 1992–94 თბილ. თ. ჩანტლაძის სახ. სატირისა და იუმორის თეატრის სალიტ. ნაწილის გამგე იყო.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

მ. გედევანიშვილი