გელოვანი გაბრიელ

გელოვანი გაბრიელ, XVIII ს. I ნახევრის მწერალი, მთარგმნელი. 1724 ვახტანგ VI-ის ამალას გაჰყვა რუსეთში. იქვე დაიწყო სამსახური; 50-იან წლებში მთავარი საპოლიცმაისტრო კანცელარიის კაპიტანი იყო.

გ-ის მიერ 1727 რუსული ენიდან თარგმნილმა გეოგრ. სახელმძღვანელომ („ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმგურგვლისათვის აღწერა“) ხელი შეუწყო ქართველთა შორის გეოგრ. ცოდნის გავრცელებას. ისტ.-ლიტ. თვალსაზრისით საყურადღებოა ამ სახელმძღვანელოს ბოლოსიტყვაობა – მემუარული ხასიათის თხზ. „მცირე ანდერძი“ (ჟურნ. „ივერია“, 1879, № 5–6), რ-შიც გადმოცემულია ავტობიოგრ. ცნობები, აღწერილია ვახტანგ VI-ის ამალის მგზავრობა ასტრახანამდე.

თხზ.: მცირე ანდერძი, წგ.: ყუბანეიშვილი ს., დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში, თბ., 1955, გვ. 117–120.

ლიტ.: მარუაშვილი ლ., ვახუშტის თანამედროვენი წგ.: XVIII საუკუნის ქართველი გეოგრაფები და მოგზაურები, თბ., 1954; ხახუტაიშვილიმ., ზოგიერთი გეოგრაფიული ტერმინის გადმოცემისათვის გაბრიელ გელოვანის „გეოგრაფიაში“, ლიტერატურული აჭარა, №11, 1999.

გ. მიქაძე