გელოვანი ევგენია სიმონის ასული

გელოვანი (ქალიშვილობის გვარი მინსკაია) ევგენია სიმონის ასული (დ. 25. IX. 1926, კიევი), ბალერინა. საქართვ. სახ. არტისტი (1961).

1936–45 სწავლობდა მოსკ. ქორეოგრაფიულ სასწავლებელში (პედ. მ. კოჟუხოვა). 1945–66 თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი ბალერინა იყო. თანაბარი ოსტატობით ასრულებდა განსხვავებული ხასიათის როლებს: ოდეტა-ოდილია, მაშა (პ. ჩაიკოვსკის „გედის ტბა“, „მაკნატუნა“), ტაო-ხოა (რ. გლიერის „წითელი ყაყაჩო“), ზარემა (ბ. ასაფიევის „ბახჩისარაის შადრევანი“), ჩელიტა (ლ. მინკუსის „დონ კიხოტი“), ტანეჩკა (ი. მოროზოვის „ექიმი აიბოლიტი“), ლიზა (პ. ჰერტელის „ამაო სიფრთხილე“), თამარი (ს. ცინცაძის „ცისფერი მთის საიდუმლოება“), პასკუალა (ა. კრეინის „ლაურენსია“), მზეთუნახავი (გ. კილაძის „სინათლე“), ჯავარა, გალია გონჩარენკო (დ. თორაძის „გორდა“, „მშვიდობისათვის“).

გ. გადაღებულია ფილმში „ქართული ბალეტის ოსტატები“ (1955). გ-ის ცეკვას ახასიათებდა ვირტუოზული ტექნიკა, დრამატული ექსპრესია, ემოციური დამაჯერებლობა. საგასტროლოდ იყო უცხოეთის მრავალ ქვეყანაში. ამჟამად მოღვაწეობს რუსეთში (მოსკოვი).

ა. ჩხეიძე