გელოვანი ვარლამ ლევანის ძე

ვ. გელოვანი

გელოვანი ვარლამ ლევანის ძე (1878, სოფ. სპათაგორი, ლეჩხუმის მაზრა, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი, – 1915, დაკრძალულია იქვე), პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

1901 შევიდა პეტერბ. უნ-ტის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბაზე. პირველსავე წელს გარიცხეს უნ-ტიდან რევ. მოძრაობაში მონაწილეობისათვის და ადმ. წესით გაასახლეს პეტერბურგიდან. 1902 სწავლა განაგრძო პეტერბ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტზე. 1903 – 06 პეტერბ. ქართვ. სტუდენტთა სათვისტომოს გამგეობის თავ-რე იყო. უნ-ტის დამთავრების შემდეგ (1906) შევიდა პეტერბ. ადვოკატურაში.

იყო სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის წევრი, პეტერბ. ქართ. ახალშენის მოღვაწე, რუსეთის საინფორმაციო ბიუროს და „ავტონომისტთა კავშირის“ დამფუძნებელთაგანი, IV სახელმწ. სათათბიროს დეპუტატი (1912–14) ქუთ. გუბერნიიდან.

სათათბიროში ემხრობოდა ტრუდოვიკების (ა. კერენსკი და სხვ.) ჯგუფს. 1912 წ. 12 დეკემბერს სათათბიროში წარმოთქვა სიტყვა, რ-შიც მოითხოვა საქართველოს პოლიტ. ავტონომია, თვითმმართველობის გაფართოება (საერობო რეფორმის გატარება და ა. შ.), მართლმსაჯულების, სახელმწ. სკოლების ქართ. ენაზე მოწყობა.

I მსოფლიო ომის (1914–18) დასაწყისში ფართო ქველმოქმედებას ეწეოდა (ფრონტისათვის აგროვებდა სახსრებს და სხვ.). ომის დროს სახელმწ. სათათბიროს სანიტ. რაზმს მეთაურობდა თურქ. ფრონტზე, ცეცხლის ხაზიდან გამოჰყავდა დაჭრილი მებრძოლები, რისთვისაც წმ. გიორგის მედალი დაიმსახურა.ფრონტზე ტიფი შეეყარა და გარდაიცვალა.

გ. თარხნიშვილი

ფ. სიხარულიძე