გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე

კ. გელოვანი

გელოვანი კონსტანტინე ლევანის ძე 8. XII 1873, სოფ. სპათაგორი, ახლანდ. ცაგერის მუნიციპალიტეტი – 1932, იქვე), საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერალი (1918).

დაამთავრა თბილ. ქვეით იუნკერთა სასწავლებელი. 1897–1904 სამხ. სამსახურში იყო თბილისში. მსახურობდა ერევნის მე-13 ლაიბგრენადერთა პოლკში, რუსეთ-იაპონიის ომის (1904–05) დროს გადაიყვანეს ყუბანის მე-7 პლასტუნის ბატალიონში, I მსოფლიო ომის დროს მიიღო პოლკოვნიკის წოდება (1916). 1916 დაინიშნა ახლად ჩამოყალიბებული მანგლისის 23-ე გრენადერთა პოლკის მეთაურად.

1918–21 მსახურობდა ქართ. ჯარში, მეთაურობდა 1-ლი დივიზიის მე-4 ლეგიონს. 1919 იყო გენ. გ.მაზნიაშვილის დაქვემდებარებაში და მონაწილეობდა ახალციხის და ახალქალაქის მაზრებში თურქ. აგენტებისა და მათ მხარდამჭერთა მიერ მოწყობილი აჯანყების ჩახშობაში. 1921-იდან თადარიგში გავიდა.

დაჯილდოებულია წმ. გიორგის, წმ. ვლადიმირის, წმ. ანას, წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

ლიტ.: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–21), ლექსიკონი, თბ., 2013; გოგიტიძე მ., ბეჟიტაშვილი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.

მ. ბახტაძე