გენეალოგია

გენეალოგია (ბერძნ. genealogia – საგვარეულო ნუსხა), დამხმარე ისტორიული დარგი, რ-იც შეისწავლის საგვარეულოების ისტორიას, ცალკეული პირების წარმომავლობას, ავლენს ნათესაობით კავშირებს, ადგენს საგვარეულო ნუსხებს.

პირველი ქართ. ორიგინ. თხზულება, რ-შიც მოცემულია საგვარეულო ნუსხა, არის სუმბატ დავითის ძის (XI ს.) ნაშრომი „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (შესულია „ქართლის ცხოვრებაში“). XV–XVIII სს-ში საქართველოში გავრცელებული იყო ჩვეულება ცალკეულ არისტოკრ. სახლებში საკუთარი საგვარეულო მატიანეების – ქრონიკების შედგენისა, ასეთია, მაგ., „მესხური დავითნის ქრონიკა“ (XVI ს.) და ზოგიერთი სხვა მატიანე და ქრონიკა, რ-ებიც ამა თუ იმ გვარის გ-თვის უხვ მასალას შეიცავენ. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) აზრით, ისტორია ოთხ ნაწილად იყოფა და ერთ-ერთი ასეთი ნაწილია „ნათესავთმეტყველება“ ანუ თანამედროვე ენით გ.; მან გარკვეული კვლევა-ძიება ჩაატარა ფეოდ. საქართვ. თავად-აზნაურთა ზოგიერთი საგვარეულოს გ-ის შესასწავლად. XVIII ს. დამლევსა თუ XIX ს. დასაწყისში იოანე ბატონიშვილმა შეადგინა ვრცელი გენეალოგიური ნაშრომი ქართლ-კახეთის სამეფოს 62 სათავადო და 200-ზე მეტ სააზნაურო სახლის შესახებ.

XIX ს. დამდეგს მეფის მთავრობამ დაიწყო საქართველოში ადგილ. არისტოკრ. საგვარეულოთა სათავადო და სააზნაურო ხარისხის დამტკიცება. ამასთან დაკავშირებით ცალკეულმა საგვარეულოებმა შეადგინეს თავიანთი გვარის გენეალოგიური ნუსხები და საგვარეულო საბუთებთან ერთად შეიტანეს დასამტკიცებლად მთავრობის ორგანოებში. ამის შედეგად ჩვენს სიძველეთსაცავებში დიდძალი საარქივო მასალა დაგროვდა. გენეალოგიური ტაბულები არის მ. ბროსეს, ე. თაყაიშვილისა და სხვ. ნაშრომებში.

ლიტ.: Левшин Б. В., Обзор документальных материалов Фонда академика С. Б., Веселовского, «Археографический ежегодник за 1958 г.», М., 1960; Durye P., La généalogie, P., 1961.

გ. აკოფაშვილი