გეოგრაფია

გეოგრაფია (ბერძნ. gē – დედამიწა და graphō – ვწერ, ვხატავ, ვხაზავ), საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სისტემა, რ-იც შეისწავლის ბუნებრივ და საწარმოო-ტერიტორიულ კომპლექსებს და მათ კომპონენტებს. საბუნებისმეტყველო და საზ. გეოგრ. დისციპლინათა გაერთიანება მეცნ. ერთიან სისტემაში გამოწვეულია მათ მიერ შესასწავლი ობიექტების მჭიდრო ურთიერთკავშირითა და მეცნ. კვლევის ამოცანების ერთიანობით, რაც მდგომარეობს ბუნების, მოსახლ. და მეურნ. კომპლ. კვლევაში. ბუნებრივი და საწარმოო-ტერიტ. კომპლექსები გავლენას ახდენენ ერთმანეთზე და ამგვარად ქმნიან დედამიწის ზედაპირის მატერ. სამყაროს ერთიანობას. რაც შეეხება ადამიანს, როგორც ბიოლ. არსებას, იგი თვითონ ითვლება ბუნების კომპონენტად და განიცდის ბუნების კანონების ზეგავლენას, ამასთანავე, ადამიანთა საზ-ბა უაღრესად დიდ ზემოქმედებას ახდენს ბუნებაზე და ზოგ შემთხვევაში გარდაქმნის მას. გ. ამუშავებს ბუნებრივი პირობებისა და რესურსების ყოველმხრივი და რაციონალური გამოყენების, საწარმოო ძალების განვითარებისა და გეგმაზომიერი განლაგების, ასევე ბუნების დაცვის, აღდგენისა და გარდაქმნის მეცნ. საფუძვლებს.

გ-ის სისტემაში გამოიყოფა: ა) საბუნებისმეტყველო ანუ ფიზ.-გეოგრ. მეცნიერებები: საკუთრივ ფიზიკური გეოგრაფია (ზოგადი დედამიწისმცოდნეობის, ლანდშაფტმცოდნეობა|ლანდშაფტმცოდნეობისა და პალეოგეოგრაფიის ჩათვლით), გეომორფოლოგია, კლიმატოლოგია, ხმელეთის ჰიდროლოგია, ოკეანოლოგია, გლაციოლოგია, გეოკრიოლოგია, ნაიდაგების გ., ბიოგეოგრაფია და სხვ.; ბ) საზ. გეოგრ. მეცნიერებები: ზოგადი და რეგიონული ეკონომიკური გ. (იხ. ეკონომიკური გეოგრაფია|ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფია), მეურნ. დარგთა გ. (მრეწვ. გ., სოფ. მეურნ. გ., ტრანსპ. გ. და სხვ.), მოსახლეობის გეოგრაფია, პოლიტ. გ. და სხვ.; გ) კარტოგრაფია, განსაზღვრულია როგორც მეცნიერების, ტექნიკისა და წარმოების დარგი. იგი საერთო მიზნებისა და ამოცანების გამო შედის გეოგრ. მეცნ. სისტემაში. გ-ს მიეკუთვნება აგრეთვე ქვეყანათმცოდნეობა (რ-ის ამოცანაა ცალკეული ქვეყნებისა და რეგიონების ბუნების, მეურნ. და მოსახლ. შესახებ ცნობების გაერთიანება) და გამოყენებითი ხასიათის დისციპლინები – სამედ. გ. და სამხედრო გ.

გეოგრ. მეცნიერებამ განვითარების რამდენიმე ძირითადი ეტაპი განვლო. პირველი გეოგრ. ცნობები ანტ. პერიოდიდან მომდინარეობს (თალესი, ანაქსიმანდრე, ჰეკატეოს მილეტელი; ძვ. წ. VI–V სს.). ძვ. წ. V–IV სს-ში ჩაისახა ორი ძირითადი მიმართულება: ზოგადდედამიწისმცოდნეობითი ანუ ფიზ.-გეოგრაფიული (არისტოტელე) და ქვეყანათმცოდნეობითი (ჰეროდოტე). ძვ. წ. IV–II სს-ში ალექსანდრიელმა მეცნიერებმა (დიკეარქე, ერატოსთენე, ჰიპარქე) საფუძველი ჩაუყარეს მათემატიკურ გ-ს და კარტოგრაფიული პროექციების შექმნას. ანტ. გ-ის ზენიტია სტრაბონისა და პტოლემეს (I–II სს.) შრომები.

შუა საუკუნეებში ქვეყანათმცოდნეობითი მრავალი ნაწარმოები შექმნეს ჩინელებმა, არაბებმა, სპარსელებმა და შუა აზიის ხალხებმა. დიდი გეოგრ. აღმოჩენების (ქ. კოლუმბი, ვასკო და გამა, ფ. მაგელანი და სხვ.) შემდეგ გ. ცოდნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად იქცა; ის ასრულებდა უმთავრესად ჩვენი პლანეტის ქვეყანათმცოდნეობის საცნობარო ფუნქციას, იძლეოდა ცნობებს სხვადასხვა ქვეყნის ბუნებაზე, სავაჭრო გზებზე, ბუნებრივ რესურსებსა და მეურნეობაზე; იქმნებოდა გეოგრ. რუკები და ატლასები (XVI–XVII სს.). ამ პერიოდის მნიშვნელოვანი შრომაა ბ. ვარენიუსის „ზოგადი გეოგრაფია“ (1650), რ-იც პეტრე I-ის ბრძანებით 1718 რუსულადაც გამოიცა.

XIX ს-ში ა. ჰუმბოლდტმა სცადა დედამიწის შესახებ დაგროვილი ახ. მეცნ. მონაცემების სინთეზი („კოსმოსი“, ტ. 1–5, 1845–62). მან ფიზ. გ-ს დაუსახა მიწიერი მოვლენების ზოგადი კანონებისა და შინაგანი კავშირების კვლევის ამოცანა. გერმ. გეოგრაფს კ. რიტერს („დედამიწისმცოდნეობა“, ტ. 1–19, 1822–59) აინტერესებდა არა ობიექტურად არსებული ბუნება, არამედ მხოლოდ მისი გავლენა ადამიანზე, რასაც იგი ვულგ. გეოგრაფიზმის პოზიციიდან განიხილავდა. ფრანგი გეოგრაფი ე. რეკლიუ („ადამიანი და დედამიწა“, 1876–94) საზ-ბის განვითარებაში დიდ როლს ანიჭებდა გეოგრ. გარემოს. ამავე პერიოდში გერმ. გეოგრაფმა ფ. რაცელმა დასაბამი მისცა ანთროპოგეოგრ. მიმართულებას, რ-ის ბევრი მიმდევარი გეოგრაფი შემდგომ რეაქციულ სოციოლოგიურ იდეებამდე და ცრუმეცნ. გეოპოლიტიკამდე დაეშვა.

XX ს. დასაწყისში გერმ. გეოგრაფმა ა. ჰეტნერმა განავითარა გ-ზე კანტისეული ქოროლოგიური შეხედულება. მისი აზრით, გ. მოვლენებს განიხილავს როგორც მხოლოდ „დედამიწის სივრცის საგნობრივ შემავსებელს“. ამავე პერიოდს მიეკუთვნება პ. ვიდალ დე ლა ბლაშის მიერ შექმნილი ფრანგ. გეოგრ. სკოლა, რ-ის ამოცანას წარმოადგენდა ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის ცხოვრების ხასიათის „ჰარმონიული ერთიანობის“ აღწერა ცალკეული ტერიტორიების მიხედვით. ამავე პერიოდში ინგლ. გეოგრაფმა ე. ჯ. ჰერბერტსონმა შეადგინა მთელი ხმელეთის ბუნებრივი დარაიონების პირველი სქემა. გერმ. გეოგრაფმა ზ. პასარგემ წამოაყენა ბუნებრივი ლანდშაფტის იდეა, შემდეგ კი მოგვცა ლანდშაფტების კლასიფიკაცია და მათი მორფოლ. დანაწევრების სქემა.

გ-ის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს რუსმა მოგზაურებმა და გეოგრაფებმა. გეოგრ. თვალსაწიერი მნიშვნელოვნად გააფართოვა ა. ნიკიტინის მოგზაურობამ (XV ს.), კამჩატკის პირველმა, კამჩატკის მეორე, აკადემიურმა და სხვა ექსპედიციებმა. ჩასახვის პროცესში მყოფ ეკონ. გ-ს დიდი ამაგი დასდეს მ. ლომონოსოვმა და მისმა წინამორბედებმა ი. კირილოვმა და ვ. ტატიშჩევმა. XIX ს. ბოლოს რუსეთში ვ. დოკუჩაევმა დასაბამი მისცა კომპლ. ფიზ.-გეოგრ. გამოკვლევებს. გეოგრ. ურთიერთკავშირების შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ა. ვოეიკოვმა.

შესანიშნავი გამოკვლევები შექმნეს XX ს. რუსმა გეოგრაფებმა ლ. ბერგმა, ა. გრიგორიევმა, ს. კალესნიკმა, ი. შჩუკინმა, ი. გერასიმოვმა, კ. მარკოვმა, ნ. ბარანსკიმ და სხვებმა.

საქართველოში გეოგრ. მეცნ. განვითარებას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. სამეცნ. წყაროები გვიდასტურებენ, რომ შუა საუკ. ქართვ. სახელმწ. მოღვაწეები, მწერლები, ფილოსოფოსები, საზ. პირები ამჟღავნებდნენ არა მარტო თავისი ქვეყნის ბუნებრივი პირობებისა და მოსახლ. ცოდნას, არამედ რამდენადმე საიმედო გეოგრ. ცნობებს ფლობდნენ მეზობელი და შორეული ქვეყნების შესახებაც. საყურადღებო გეოგრ. ინფორმაციას იძლევიან X–XII სს. ცნობილი ქართვ. მოღვაწეები გიორგი მერჩულე, იოანე პეტრიწი, შოთა რუსთაველი.

საქართველოში გეოგრ. ცოდნის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპია XVII–XIX სს., რაც ასახულია გამოჩენილ ქართველ პოლიტ. მოღვაწეთა, მეცნიერთა და სხვ. შორეულ ქვეყნებში მოგზაურთა, მათ მიერ გამოქვეყნებულ წიგნებში, აგრეთვე მშობლიური ქვეყნის პირველ საფუძვლიან გეოგრ. აღწერილობაში. აღსანიშნავია სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, ი. გედევანიშვილის „მიმოსულა ანუ მგზავრობა იონა რუისის მიტროპოლიტისა“, რ. დანიბეგაშვილის „Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова“, ტ. გაბაშვილის „მიმოსვლა“ („მოხილUა წმიდათა და სხუათა აღმოსავლეთისა ადგილთა“), გ. გელოვანის რუს. სახელმძღვანელოს ქართ. თარგმანი („ღეოღრაფია ანუ მოკლედ ქვეყნის სიმგურგვლისათვის აღწერა“), ვახტანგ VI-ის მიერ ამიერკავკ. გეოგრ. ობიექტების კოორდინატების განსაზღვრა, გეოგრ. რუკის შედგენა და სხვ.

ქართ. გეოგრ. აზროვნების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი ბატონიშვილს. მის მიერ XVIII ს. შუა წლებში შედგენილი საქართვ. და კავკ. რუკები და თხზ. „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ მთელი საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა გეოგრ. ცოდნის ძირითად წყაროს. XIX ს-ში კავკ., კერძოდ საქართვ. ბუნების, მოსახლ. და მეურნ. კვლევას დიდად შეუწყო ხელი ისეთი ორგანიზაციების დაარსებამ, როგორიც იყო კავკასიის განყოფილება რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა, თბილ. მაგნ.-მეტეოროლ. (1867-იდან – ფიზ.) ობსერვატორია, კავკ. სამხედრო ტოპოგრაფიის განყ-ბა, სამთო სამმართველო, თბილისის ბოტანიკური ბაღი, კავკასიის მუზეუმი და სხვ.

გეოგრ. მეცნიერების განვითარებაში დიდი როლი შეასრულა თსუ-მა (დაარსდა 1918), სადაც კადრების აღზრდას სათავეში ჩაუდგა ა. ჯავახიშვილი. 1930-იან წლებში გეოგრ. კათედრები შეიქმნა რესპ. სხვა უმაღლეს სასწავლებლებშიც (იხ. გეოგრაფიული განათლება). 1924 თბილისი დაარსდა საქართვ. გეოგრ. საზ-ბა (იხ. გეოგრაფიული საზოგადოება საქართველოსი), რ-იც დიდ როლს ასრულებს გეოგრ. კადრების შეკავშირებასა და გეოგრ. მეცნ. პოპულარიზაციის საქმეში. 1933 თსუ-ში დაარსდა გეოგრ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტი, რ-იც 1945 შევიდა საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში (იხ. გეოგრაფიის ინსტიტუტი), რის შემდეგაც დაჩქარდა ქართ. გეოგრ. მეცნიერების განვითარება. გეოგრ. კვლევას საქართველოში მიეცა გეგმაზომიერი ხასიათი. დიდი ყურადღება დაეთმო საქართვ. რეგიონულ კომპლ.-გეოგრ. შესწავლას. განვითარდა გ-ის ცალკეული დარგები.

მნიშვნელოვანი შედეგებია მიღწეული გეომორფოლოგიაში. საქართვ. რელიეფის პირველი დახასიათება ეკუთვნის ა. ჯავახიშვილს, რ-მაც 1926 გამოსცა „საქართველოს გეოგრაფია, ტ. 1–გეომორფოლოგია“. 40-იანი წლებიდან დაიწყო საქართვ. ტერიტ. რელიეფის გეგმაზომიერი შესწავლა [ა. ჯავახიშვილი, ლ. მარუაშვილი, დ. წერეთელი, ნ. ასტახოვი, ზ. ტატაშიძე (ტინტილოზოვი), შ. ყიფიანი და სხვ.]. შეიქმნა კოლექტ. მონოგრაფია „საქართველოს გეომორფოლოგია“ (1971; მთავარ რედაქტორს ლ. მარუაშვილს 1972 მიენიჭა სსრკ გეოგრ. საზ-ბის ნ. პრჟევალსკის სახ. ოქროს მედალი). საფუძვლიანად არის გამოკვლეული ძვ. მყინვარული ნალექები და რელიეფის განვითარების ისტორია.

მნიშვნელოვანი მიღწევებია მოპოვებული საქართვ. კარსტის შესწავლაში (ლ. მარუაშვილი, ზ. ტატაშიძე (ტინტილოზოვი), შ. ყიფიანი, თ. კიკნაძე და სხვ.). ქართვ. სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს და გამოიკვლიეს არაერთი ბუნებრივი გამოქვაბული. ახალი ათონის მღვიმე|ახალი ათონის მღვიმის აღმოჩენისა და შესწავლისათვის მეცნიერებს ზ. ტინტილოზოვს, შ. ყიფიანს, ა. ოქროჯანაშვილს (მშენებლებთან ერთად) მიენიჭათ სსრკ სახელმწ. პრემია (1977).

საქართვ. ჰავის მეცნ. შესწავლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ა. ბალაბუევმა, ი. ქურდიანმა, მ. კორძახიამ, კ. პაპინაშვილმა, გ. ჭირაქაძემ, ვ. გიგინეიშვილმა, თ. დავითაიამ, გ. სულაქველიძემ, ი. ცუცქირიძემ, კ. გოგიშვილმა და სხვებმა, შეიქმნა მონოგრაფია „საქართველოს ჰავა“ (მ. კორძახია, 1961) და კლიმ. რუკების სერიები.

მნიშვნელოვანი გამოკვლევები ჩატარდა ჰიდროლოგიაში. 1935 ბ. ყავრიშვილის ხელმძღვანელობით გამოვიდა ამიერკავკ. წყლის რესურსების ცნობარი, 1940 კი – „მასალები კავკასიის მდინარეთა რეჟიმის შესახებ“. საქართვ. ხმელეთის წყლების გეგმაზომიერი მეცნ. კვლევა დაიწყო 40-იანი წლებიდან (ი. შაქარიშვილი, ლ. ვლადიმიროვი, გ. ხმალაძე, ნ. უკლება, ი. აფხაზავა, გ. გიგინეიშვილი და სხვ). 1959–61 გ. სვანიძის ხელმძღვანელობით შეიქმნა 10-ტომიანი კოლექტ. ნაშრომი „საქართველოს სსრ წყლის რესურსების კომპლექსური გამოყენება“. დიდი მუშაობა ჩატარდა შავი ზღვის სანაპირო ზონის აღსადგენად და გასამაგრებლად (გ. ზენკოვიჩი, ა. კიკნაძე, თ. მელაძე, ვ. საყვარელიძე, შ. ჯაოშვილი, ჭ. ჯანელიძე და სხვ.).

კავკასიონის მყინვარების შესწავლაში საყურადღებოა კ. პოდოზერსკის ღვაწლი. მან XX ს. დასაწყისში აღნუსხა კავკასიონის მყინვარები და შეადგინა ვრცელი კატალოგი. მყინვარების შესწავლამ სისტემ. ხასიათი მიიღო 30-იანი წლებიდან (დ. წერეთელი, ლ. მარუაშვილი, გ. სულაქველიძე), განსაკუთრებული აღმავლობა კი შეინიშნება 50-იანი წლებიდან (ვ. ცომაია, რ. ხაზარაძე, რ. გობეჯიშვილი, გ. კურდღელაიძე და სხვ.). გამოიცა კავკასიონის მყინვართა კატალოგები.

ნიადაგების გეოგრ. კვლევა ძირითადად XX ს. 20-იანი წლებიდან დაიწყო (დ. გედევანიშვილი, მ. საბაშვილი, მ. დარასელია, ა. მოწერელია, ე. ნაკაიძე, თ. ურუშაძე, ი. ჯაფარიძე და სხვ.). მ. საბაშვილის უშუალო ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით შედგა საქართვ. ნიადაგების რუკები, გამოიკვლიეს საქართვ. ნიადაგები ფიზ.-გეოგრ. რეგიონების მიხედვით, შეიქმნა ნიადაგების დარაიონების სქემა. გამოქვეყნდა მონოგრაფია „საქართველოს სსრ ნიადაგები“ (1948) და „საქართველოს ნიადაგების ატლასი“ (1984).

საქართვ. მცენარეული საფრის თანმიმდევრული კვლევა XX ს. 30-იანი წლებიდან დაიწყო. დადგინდა მცენარეულობის გავრცელების გეოგრ. კანონზომიერებანი, შეიქმნა გეობოტან. რუკები (ა. გროსგეიმი, დ. სოსნოვსკი, ნ. ბუში, ნ. კეცხოველი, მ. სახოკია, ა. დოლუხანოვი, ვ. გულისაშვილი, ი. თუმაჯანოვი, ე. სოხაძე, გ. ნახუცრიშვილი, რ. გაგნიძე და სხვ.).

შესწავლილია საქართვ. ცხოველთა გავრცელების გეოგრ. კანონზომიერებანი (ა. ჯანაშვილი, ბ. ყურაშვილი და სხვ.). შეიქმნა ზოოგეოგრ. სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლისათვის (ა. ჯანაშვილი, 1946).

ვახუშტი ბატონიშვილის შემდეგ საქართვ. კომპლ. ფიზ.-გეოგრ. გამოკვლევა XX ს. 30-იან წლებამდე არავის ჩაუტარებია. 1929 გამოვიდა ა. ლაისტერისა და გ. ჩურსინის „ამიერკავკასიის გეოგრაფია“ (რუს. ენაზე). 40-იანი წლებიდან დაიწყო საქართვ. და მისი ცალკეული რეგიონების კომპლ. ფიზ.-გეოგრ. (ლანდშაფტური) შესწავლა (ა. ჯავახიშვილი, ბ. დობრინინი, დ. უკლება, ლ. მარუაშვილი, მ. სანებლიძე, ქ. ჯაყელი, ქ. ყავრიშვილი, ნ. ბერუჩაშვილი და სხვ.). გამოიცა ლ. მარუაშვილის „კავკასიის ფიზიკური გეოგრაფია“ (1975, 1982), დ. უკლებას „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება“ (1968), „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები“ (1974) და „საქართველოს ანთროპოგენური ლანდშაფტები“ (1983; რუს. ენაზე), ჩატარდა ლანდშაფტური კარტირება და გამოიცა საქართვ. (დ. უკლება, ქ. ჯაყელი, მ. სანებლიძე), ამიერკავკ. (დ. უკლება, ბ. ბუდაგოვი და სხვ.) და კავკ. (ნ. ბერუჩაშვილი) ლანდშაფტური რუკები (1970, 1983). გეოგრ. ინ-ტში ტარდებოდა სამედ.-გეოგრ. კვლევები (ნ. სულხანიშვილი), ინსტიტუტი დღესაც აგრძელებს სამედიცინო თემებზე მუშაობას.

ეკონომიკურ გეოგრაფიას, როგორც მეცნიერებას, საქართველოში საფუძველი ჩაუყარა გ. გეხტმანმა XX ს. 20-იან წლებში. 40-იანი წლებიდან დაიწყო საქართვ. რესპ. სისტემ. კომპლ. ეკონ.-გეოგრ. კვლევა (გ. გეხტმანი, ნ. ნიჟარაძე, ლ. კარბელაშვილი, გ. ზარდალიშვილი, გ. გველესიანი, ვ. ჯაოშვილი და სხვ.). 60-იანი წლებიდან საქართვ. რეგიონულ კვლევასთან ერთად დიდი ყურადღება დაეთმო ეკონ. გ-ის დარგობრივ პრობლემებს. დამუშავდა წარმოების განვითარებისა და განლაგების კანონზომიერებანი, შეისწავლეს ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, გამოიკვლიეს საქართვ. საქალაქო განსახლების პრობლემები.

1970 და 1973 გამოიცა ორტომიანი მონოგრაფია „საქართველოს სსრ ეკონომიკური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“ (გ. გველესიანი, ვ. ჯაოშვილი, რ. კვერენჩხილაძე, ე. კობახიძე და სხვ.). 1989 გამოიცა ეკონ.-გეოგრ. მონოგრაფიები „თბილისი“და „ქუთაისი“ (რედ. ვ. ჯაოშვილი).

დიდი მუშაობა მიმდინარეობს მოსახლ. გ-ის შესასწავლად. გამოკვლეულია საქართვ. მოსახლ. დინამიკა, მიგრაციული პროცესები, შრომითი რესურსების საკითხები. შესწავლილია საქართვ. ზოგიერთი რეგიონის მოსახლ. და მისი განსახლების, აგრეთვე მსხვილი ქალაქების განვითარების პრობლემები. გამოვიდა მონოგრაფია „საქართველოს მოსახლეობა“ (ვ. ჯაოშვილი, 1968; მიენიჭა სსრკ გეოგრ. საზ-ბის პ. სემიონოვის სახ. ოქროს მედალი, 1970).

მნიშვნელოვანი წარმატებებია მიღწეული კარტოგრაფიაში. 1930-იან წლებში შეიქმნა საქართვ. ტერიტ. 12-ფურცლიანი ქართ. რუკა (ხელმძღვ. ა. ჯავახიშვილი), კარტოგრაფიის სახელმძღვანელო უმაღლესი სკოლისათვის (ს. ცხაკაია). დამუშავდა კარტოგრაფიული მეცნ. ზოგადი თეორია (ა. ასლანიკაშვილი) და ფოტოგრამმეტრიის (რ. ჩეკურიშვილი) საკითხები. მომზადდა საქართვ. თემატური რუკების სერია. საქართვ. გეოგრ. კვლევის მიღწევები შეჯამებულია ეროვნ. ატლასში (1964), რ-ის ავტორთა ერთ ნაწილს (ა. ჯავახიშვილი, თ. დავითაია, ა. ასლანიკაშვილი, გ. გველესიანი, ვ. ჯაოშვილი, მ. კორძახია, ლ. ვლადიმიროვი) მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1971). 1994 იგივე პრემია მიენიჭა „საქართველოს სასწავლო-გეოგრაფიული ატლასის“ (1992) შემდგენელთა ჯგუფს (რ. კვერენჩხილაძე, თ. კიკნაძე, დ. უკლება, ი. ქართველიშვილი, შ. ყიფიანი, შ. ჯავახიშვილი).

საქართველოს გეოგრ. მეცნ. განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში თბილისში ჩატარებული საერთაშ. სიმპოზიუმები და კონფერენციები.

საქართველოს გ-ზე უხვი სამეცნ. მასალაა თავმოყრილი რუს. გეოგრ. საზ-ბის კავკასიის განყ-ბის პუბლიკაციებში – „ზაპისკი კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვა“ და „იზვესტია კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვა“. გეოგრ. კვლევის შედეგები ქვეყნდება „საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შრომებში“ (1939 – 93, ტ. 1–18), ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტის შრომებსა და თემატურ კრებულებში (1964 – 93, 42 კრებული), თსუ „შრომებში“, საქართვ. მეცნ. აკად. „მოამბესა“ და „მაცნეში“, ჟურნალებში „სკოლა და ცხოვრება“, „ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში“ და სხვ.

ამჟამად გეოგრ. მეცნიერებაში ტრადიციულ მიმართულებებთან ერთად გაჩნდა ახალი მიმართულებებიც. რაშიც დიდი როლი შეასრულა განსაკუთრებით თსუ-მ, ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტმა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებმა, თსუ-ში გეოგრაფია წარმოდგენილია გეოგრაფიის და საზოგადოებრივი გეოგრაფიის დეპარტამენტების სახით. გეოგრაფიულ დეპარტამენტში ძველ ტრადიციულ მიმართულებებთან (ბუნებათსარგებლობის, გეომორფოლოგია-კარტოგრაფიის, რეგიონული გეოგრაფიისა და ლანდშაფტური დაგეგმარების, ნიადაგების, ჰიდროლოგია-ოკეანოლოგიის და მეტეოროლოგიის) ერთად გაჩნდა ახალი ქვემიმართულებები: ბუნებათსარგებლობა, გეოიონფორმაციული და ექსპერტული სისტემები, დისტანციური ზონდირება, ლანდშაფტური დაგეგმარება, მდგრადი განვითარება, სამხედრო გეოგრაფია, გამოყენებითი გეოგრაფია, ნიადაგების ტექნოგენური დაბინძურება, დემოგრაფიული გეოგრაფია, რეკრეაციული გეოგრაფია და სხვ.

ოკეანოლოგიის მიმართულება აქტიურად არის ჩართული ევროგაერთიანების სამეცნიერო ჩარჩო პროგრამებში. საერთაშორისო კონსორციუმებთან ერთად ორ ათეულზე მეტი პროექტი განხორციელდა, რომელიც ზღვის ეკოლოგიის, საზღვაო მონაცემების მართვის, სანაპირო პროცესების, საზღვაო მონიტორინგის, კლიმატის ცვლილების აქტუალურ საკითხებს ეხება. კვლევის შედეგები ასახულია სამეცნიერო ნაშრომებში. გეოგრაფიული დეპარტამენტის მიერ 2010–19 წლებში გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები მსოფლიოს რეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებში.

რაც შეეხება საზოგადოებრივ გეოგრაფიის დეპარტამენტს, მისი პროფილი და მუშაობის ხასიათი ძირეულად შეიცვალა. 1965 წელს თსუ-ში შეიქმნა საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და პოლიტიკური გეოგრაფიის სპეციალობა (უცხო ენების სწავლებით). ასეთი განათლების სპეციალისტები მოთხოვნადი გახდა სახელმწიფო საქმიანობის მრავალ სფეროში.

1974 წლიდან საქართველოში დაიწყო დემოგრაფიული და ურბანული პრობლემების გეოგრაფ.კვლევა და დანერგვა, შემდგომ პერიოდში კი დაიწყო პირველი სოც.-გეოგრაფ. კვლევა, ხოლო 2000 მიწის საკადასტრო სისტემაზე მუშაობა. სამეცნიერო მუშაობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მდგრადი განვითარების, გეოურბანისტიკის, გეოპოლიტ.-ის და გეოეკონომიკის, ტურიზმისა და რეკრეაციული გეოგრაფიის, ტრანსპორტის, მიგრაციის, დემოგრაფიის და ქვეყანათმცოდნეობის საკითხებს.

დღეს ქართველ მეცნიერ-გეოგრაფებს მჭიდრო ურთიერთობები აქვთ მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტებთან და სამეცნ. ცენტრებთან. თსუ-ს გეოგრაფები თანამშრომლობენ აშშ -ის, გერმანიის, პორტუგალიის, იტალიის, შვედეთის, პოლონეთის უნივერსიტეტებთან. აქტიურ მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო თუ ადგილობრივ სამეცნიერო ფორუმებში, აგრეთვე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახ. უნივერსიტეტის გეოგრაფებს აქტიური სასწავლო და სამეცნიერო კავშირები აქვთ საერთაშორისო დონეზე. გაფორმებული აქვთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან, კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიასთან და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან. აღსანიშნავია, საქართველოს გეოგრაფების ჩართულობა ადგილობრივ და უცხოურ საგრანტო პროექტებში.

ლიტ.: ალფენიძე მ., გეოგრაფიის თეორიული საფუძვლები, თბ., 2013; ბილაშვილი კ., ელიზბარაშვილი მ., წივწივაძე ნ., ზღვის ეკოლოგია, თბ., 2009; გაჩეჩილაძე რ., ახლო აღმოსავლეთი, ორ ტომად (მონოგრაფია), თბ., 2018; გაჩეჩილაძე რ., საქართველო მსოფლიო კონტექსტში: მე-20 და 21-ე საუკუნეების პოლიტიკური ცხოვრების ძირითადი მომენტები (მონოგრაფია), თბ., 2017; გოგსაძე გ., მოსახლეობის გეოგრაფია, თბ., 2018; ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 50, თბ., 1984; კვინიკაძე გ., გეოეკონომიკა, თბ., 2008; მიქაუტაძე დ., დავითულიანი ც., მეტეოროლოგია-კლიმატოლოგია, ქუთ., 2021; სალუქვაძე ი., ვან აშე, კ. შავიშვილი ნ., თბილისი ცვლილებების ხანაში; ურბანული სივრცისა და ქალაქგეგმარების სოც.-კულტურული განზომილებანი (მონოგრაფია), თბ., 2010; საქართველოს ნიადაგები – ინგლ.ენაზე (რედაქტორი ლ. მაჭავარიანი), მონოგრაფია, შვეიცარია, 2019; ურუშაძე თ., მაჭავარიანი ლ., გამოყენებითი ეკოლოგიის საფუძვლები, თბ., 2013; წერეთელი დ., ჭელიძე გ., ბუხნიკაშვილი ა., დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებანი საქართველოში, თბ.,1967. Церетели Д. В. Географические науки в Грузии, Известия АН ССР, Серия географическая, 1972, №6.

დ. უკლება

ც. ვაშაკიძე

მ. მელიქსეთბეგი