გეოგრაფიის ინსტიტუტი

გეოგრაფიის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა თბილისში 1933. 1945 მიენიჭა ვახუშტის სახელი. ინ-ტში ფუნქციონირებდა შემდეგი განყ-ბები: გეომორფოლოგია - პალეოგეოგრაფიის (ეგზოდინამიკური პროცესების ლაბორატორიით და კახეთის სტაციონარით), ჰიდროლოგიის (გლაციოლოგიის ლაბორატორიითა და ექსპერ. ჰიდროლოგიის ლაბორატორიით სოფ. სიონში), კლიმატოლოგიის, ეკონ. და სოც. გეოგრაფიის (დემოგეოგრაფიის ლაბორატორიით), კარტოგრაფიისა და აერომეთოდების; 3 ლაბორატორია: კარსტოლოგია-სპელეოლოგიის, ლანდშაფტმცოდნეობის (კოლხეთის პრობლემური ლაბორატორით), ბუნებრივი პროცესების მოდელირების. ინ-ტი არის სამეცნ ბ-კა.

ინ-ტის კვლევითი საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო მთიანი ქვეყნების ფიზ. და ეკონ. გეოგრ. შესწავლა. ბუნებრივი რესურსების რაციონალური ათვისებისა და გარდაქმნის მეცნ. დასაბუთების მიზნით. აქ დამუშავებულია კლიმ. რესურსების კვლევისა და საწარმოო შეფასების მეთოდი, სითბოს ჯამური რაოდენობის, აორთქლებადობისა და სარწყავი ნორმების პროგნოზის მეთოდი; მაღალმთიანი ვულკ. და კარსტული რელიეფის პირობებში წყლის ბალანსის გამოთვლის, ლანდშაფტების კარტირებისა და სოფ. მეურნ. მიზნებისათვის მთიანი მხარეების ფიზ.-გეოგრ. დარაიონების მეთოდიკა. შესწავლილია საქართვ. რელიეფი მისი პლასტიკის, წარმოშობის, დინამიკისა და ისტ. თვალსაზრისით, დამუშავებულია მთიანი ქვეყნების მოსახლ. და განსახლების, ტრანსპ. და მრეწვ. განლაგების ძირითადი პრობლემები და სხვ. კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ინ-ტის „შრომებში“ (1947–64, ტ. 1–20) და ცალკე მონოგრაფიებად. 1964-იდან გამოდის თემატური კრებულები (1964–93, 42 კრებული). ინ-ტის მეცნ. ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით შედგა და გამოიცა „საქართველოს სსრ ატლასი“ (ქართ. და რუს. ენებზე, 1964; რომელმაც საქართვ. სახელმწ. პრემია მიიღო, 1971). გ. ი. მონაწილეობდა „კუბის ეროვნული ატლასის“ შედგენა-გამოცემაში, რისთვისაც აკად. თ. დავითაიას მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1973). ინ-ტში შედგა და გამოქვეყნდა სხვადასხვა თემატიკის სპეც. დანიშნულების, აგრეთვე სასწ. რუკები, გზამკვლევები, სამეცნ.-პოპულ. ლიტ-რა, სახელმძღვანელოები და გეოგრ. ტერმინოლოგიები. ინ-ტთან ფუნქციონირებდა სამეცნ. ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნ.-საატესტაციო საბჭო და ასპირანტურა. გ. ი. თანამშრომლობდა რუს. მეცნ. აკად. გეოგრ. ინ-ტთან. მონაწილეობდა საერთაშ. სიმპოზიუმებსა და კონფერენციებში. ინ-ტში მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები: ა. ჯავახიშვილი, გ. გეხტმანი, თ. დავითაია, ა. ასლანიკაშვილი, დ. წერეთელი, გ. გველესიანი, მ. კორძახია, კ. გოგიშვილი, ლ. ვლადიმიროვი, ლ. მარუაშვილი, ე. კობახიძე, რ. კვერენჩხილაძე და სხვ.

გ. ი. 2006 გამოეყო აკადემიის სისტემას, მას ჯერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაექვემდებარა, ხოლო 2010 საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეუერთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

გ. ინ-ტში ამჟამად ფუნქციონირებს 4 განყოფილება: ფიზ. გეოგრაფიის, გეომორფოლოგიის, ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის და ერთი – კარტოგრაფია-გეოინფორმაციის ლაბორატორია. ინსტიტუტის კვლევის ძირითადი მიმართულებებია: საქართველოს ბუნებრივი რესურსების შეფასება, ბუნების სტიქიური მოვლენების, ტურისტულ-რეკრეაციული პოტენციალის ათვისების პრობლემებისა და პერსპექტივების, საქართველოს თანამედროვე და ისტორიული კლიმატის ცვლილების დინამიკის, წყლის რესურსების, შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფო და დინამიკური პროცესების, თოვლ-მყინვარების, კარსტული მღვიმეების, პალეოგლაც. და პალეომორფ. კვლევები; ლანდშაფტების ტრანსფორმაციისა და დინამიკის, ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ანალიზი, საქართვ. გეოგრაფ. ობიექტების სახელწოდებათა დადგენა, გეოგრ. რუკებისა და ატლასების შედგენა და სხვა.

გეოგრ. ინ-ტის არსებობის 88 წლის მანძილზე მომზადდა და გამოიცა 150-ზე მეტი მონოგრაფია როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

გეოგრ. ინ-ტში შედგა და გამოიცა თემატური რუკები და ატლასები. 2018 გამოცემული „საქართველოს გეოგრაფიული ატლასი“-ს (ქართულ და ინგლისურ ენაზე) პრეზენტაცია გაიმართა ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე. ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „კუბის ეროვნული ატლასის“, „მსოფლიოს თოვლ-მყინვარული რესურსების“ და „მთვარის პოლარიმეტრული ატლასის“ შედგენაში. გეოგრ. ინ-ტში ტარდება საერთაშორისო კონფერენციები, ეწყობა გამოფენები. ბოლო წლებში შესრულდა არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი საგრანტო პროექტი.

ლიტ.: გობეჯიშვილი რ., გლაციოლოგია, თბ., 2007; ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი - 50, თბ., 1984; ლეჟავა ზ., წიქარიშვილი კ., ბოლაშვილი ნ., ჭიათურის მუნიციპალიტეტის სასმელი წყლის მონიტორინგი, თბ., 2017; ლიპარტელიანი დ., ლიპარტელიანი გ., გეოგრაფიული კარტოგრაფიის ტერმინოლოგიური ცნობარი, თბ., 2012; საქართველოს გეოგრაფია (ავტორთა კოლექტივი), თბ., 2012; ხარაძე კ., გეოგრაფიული ცოდნის ისტორია ძველ საქართველოში, თბ., 1996; ასევე მრავალფეროვანი თემატური რუკები და ატლასები.

ვ. ჯაოშვილი

ნ. ბოლაშვილი

ც. ვაშაკიძე