გეოლოგიის ინსტიტუტი

გეოლოგიის ინსტიტუტი ა. ჯანელიძის სახელობისა

გეოლოგიის ინსტიტუტი ა. ჯანელიძის სახელობისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. დაარსდა თბილისში 1925 საქართვ. განათლების სახ. კომისარიატთან. ინ-ტი ამ პროფილის პირველი სამეცნ. დაწესებულებაა, რ-იც დაარსდა ყოფ. სსრკ-ში. 1933 გადაეცა თსუ-ს, 1941-იდან 2006-მდე საქართვ. მეცნ. აკად. სისტემაში გადავიდა. 1976 მიენიჭა ა. ჯანელიძის სახელი.

ინ-ტში მონოგრაფიულად არის შესწავლილი გვიანდ. პალეოზოური, მეზოზოური და კაინოზოური ფაუნისა და ფლორის ძირითადი ჯგუფები, მათი შემცველი ნალექების სტრატიგრაფიისა და ლითოლოგიის საკითხები, შემუშავებულია ამ ნალექების სტრატიგრაფიული სქემები, ჩატარებულია რეგიონული კვლევა ტექტონიკის ფუნდამენტურ და პრაქტ. საკითხებზე; მნიშვნელოვანი კვლევა ტარდებოდა პეტროლოგიასა და ვულკანოლოგიაში; დადგენილია კრისტ. სუბსტრატის ქანების ნაწილის აბსოლ. ასაკი. შესწავლილია ზოგიერთი წიაღისეულის მეტალოგენიის, მთელი რიგი ქიმ. ელემენტის გეოქიმიის, მინერალთა ზოგიერთი ჯგუფის რეგიონული მინერალოგიის საკითხები. ინ-ტში მიმდინარეობდა გამოყენებითი ხასიათის სამუშაოებიც: რესპ. მნიშვნელოვანი მშენებლობების ტერიტ. გეოლ. გამოკვლევა, ქალაქების სეისმოტექტონიკური პირობების დადგენა, მინერ. რესურსების შესწავლა; სხვა დაწესებულებებთან ერთად ინ-ტი მონაწილეობდა მიწისძვრის პროგნოზის პრობლემის კვლევაში. ინ-ტის თანამშრომლები მონაწილეობდნენ საერთაშ. გეოლ. კონგრესის XVII, XX – XXIX სესიების მუშაობაში. ინ-ტში მოღვაწეობდნენ ა. ჯანელიძე, ა. თვალჭრელიძე, კ. გაბუნია, ი. კაჭარავა, ი. კახაძე, ს. ჩიხელიძე, პ. გამყრელიძე, ა. ცაგარელი, გ. თვალჭრელიძე, მ. რუბინშტეინი.

ინსტიტუტს ჰქონდა პერიოდული გამოცემები: „საქართველოს გეოლოგიური ინსტიტუტის მოამბე“ (1932–40, ტ. 1–5); „გეოლოგიური ინსტიტუტის შრომები“ (გეოლ. სერია, 1942–65, ტ. 1–14; მინერალოგია-პეტროგრაფიული სერია, 1948–61, ტ. 1–6). 1965-იდან გამოდის „შრომების“ ახ. სერია.

ამჟამად კვლევები მიმდინარეობს შემდეგი მიმართულებით: საქართველოს მეზოზოური და კაინოზოური ნალექების სტრატიგრაფია, საქართველოსა და მომიჯნავე რეგიონების გეოლოგიური და გეოდინამიკური ევოლუცია, ტექტონიკური სტრუქტურების და მათი წარმოშობის მექანიზმის კვლევა, დედამიწის ქერქის უახლესი მოძრაობების ხასიათისა და სიჩქარის დადგენა, სასარგებლო წიაღისეულის გეოლოგიური შესწავლა და საქართველოს შავი ზღვის აკვატორიის გეოლოგიური, გეოქიმიური და ჰიდროქიმიური კვლევა.

2017-იდან გეოლოგიის ინ-ტში ჩამოყალიბდა უახლესი აპარატურით აღჭურვილი გეოლოგიური კვლევის კომპლექსური ლაბორატორია.

გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა ინ-ტის თანამშრომლები მონაწილეობენ ისეთ მასშტაბურ სახელმწიფო პროექტებში, როგორიცაა: ტრანსკავკასიური რკინიგზის, ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და შახ-დენიზის გაზსადენის ტრასების, ჰესების გეოლოგიური და სეისმოტექტონიკური პირობების და სხვ.

ინ-ტის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, მათ მიერ მოპოვებული მრავალი საერთაშორისო და ეროვნული სამეცნ. გრანტი, მიღებული აქვთ სახელმწიფო და სახელობითი პრემიები და ჯილდოები, ეწევიან პედაგოგიურ მოღვაწეობას.

ინ-ტში არის უძველესი და მდიდარი სამეცნიერო ბიბლიოთეკა. 1932-იდან გამოსცემს პერიოდულ ნაბეჭდ სტატიებს. ინ-ტის თანამშრომელთა მიერ შექმნილია უნიკალური პალეონტოლოგიური მონოგრაფიული მუზეუმი.

ლიტ.: გამყრელიძე პ., ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიური ინსტიტუტი, თბ., 1976.

ვ. ზესაშვილი

თ. წუწუნავა