გეოლოგიური სამსახური

გეოლოგიური სამსახური, გეოლოგიური კვლევის სახელმწიფო სისტემა.

გ. ს-ის მიზანი იყო ქვეყნის ტერიტ. გეოლ. აგეგმვა, სასარგებლო წიაღისეულის საბადოების ძებნა და დაზვერვა, სხვადასხვა ობიექტის გეოლ. გამოკვლევა. მსოფლიოში უძველესი გეოლოგიური სამსახური დაარსდა რუსეთში (1700 პეტრე I-ის ბრძანებით შეიქმნა მადნის მოპოვების უწყება), შემდგომში დიდ ბრიტანეთში, კანადაში, იტალიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, აშშ-ში, გერმანიაში და სხვ. საქართველოში გამოყენებითი ხასიათის გეოლ. კვლევა უძველესი დროიდან ტარდება. ამას ადასტურებს სამთო საქმისა და მეტალურგიის განვითარების მაღალი დონე, რის შესახებაც მეტყველებენ არქეოლ. და წერილობითი წყაროები. XVIII ს. ბოლოს მუსინ-პუშკინი აპოლლო|ა. მუსინ-პუშკინის ხელმძღვანელობით მუშაობა დაიწყო სამთო დეპარტამენტის საქართვ. სამთო ექსპედიციამ (შემდეგ – კავკ. სამთო სამმართველო, გაუქმდა 1919).

1923 კვლევას შეუდგა გეოლ. კომიტეტში დაარსებული კავკ. სექცია, რ-მაც მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა კავკ. გეოლ. აგებულების შესწავლის საქმეში. 1925 დაარსდა ახლანდ. საქართვ. მეცნ. აკად. ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტი, 1929 – ახლანდ. ა. თვალჭრელიძის სახ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტი. 1930 შეიქმნა მთავარი გეოლ.-საძიებო სამმართველო. ეს დაწესებულება ორგანიზაციულად შემდგომ რამდენჯერმე შეიცვალა.

1991 მის ბაზაზე შეიქმნა საქართვ. რესპ. გეოლ., გეოდ. და კარტოგრაფიის დეპარტამენტი (1994-იდან – გეოლ. დეპარტამენტი „საქგეოლოგია“). ნავთობის საბადოთა ძებნა-ძიებას აწარმოებდა „საქნავთობის“ დეპარტამენტი. გეოლ.-საძიებო სამუშაოს ეწეოდა ამ დეპარტამენტებში შემავალი სხვადასხვა დაწესებულებები.

ლიტ.: გამყრელიძე პ., ა. ჯანელიძის სახ. გეოლოგიური ინსტიტუტი, თბ., 1976; საქართველოს გეოლოგიის სამმართველო, თბ., 1980; ჯანელიძე ა., ნარკვევები გეოლოგიის ისტორიიდან, თბ., 1959; Кавказский институт минерального сырья, Тб., 1979.

ვ. ზესაშვილი