გეომორფოლოგიური დარაიონება

გეომორფოლოგიური დარაიონება, საქართველოს ტერიტორიის გეომორფოლოგიური დარაიონება ბევრმა მკვლევარმა ჩაატარა (ი. შჩუკინი, ა. ჯავახიშვილი, ა. რეინგარდი, ბ. დობრინინი, ს. კუზნეცოვი, ლ. მარუაშვილი), სადაც მოცემულია საქართველოს ტერიტ. გეომორფოლ. დაყოფის ზოგად სქემა. მორფოგრაფიული და მორფოგენეტური ნიშნების მიხედვით საქართველო შეიძლება დაიყოს სამი მსხვილი გეომორფოლ. ზონის შემადგენლობაში გაერთიანებულ 4 ძირითად ოლქად: 1. კავკასიონის მაღალმთიანი ნაოჭა ოლქი ლითოლოგიურად შეპირობებული რელიეფის ტიპების ზოლისებრი გავრცელებით, ეგზოგენური ფორმების ვერტ. ზონალურობით, მყინვარებით, ძვ. გამყინვარების რელიეფის ფართო განვითარებით, კარსტული და ვულკ. რეგიონებით. მასში გამოიყოფა: ა. მთიანეთის უმაღლესი ნაწილების ჭიუხ-მყინვარული რელიეფი თანამედროვე თოვლ-მყინვარებითა და შიშველი, ციცაბო კლდოვანი თხემებით. მისი მთლიანი არეალი გაჭიმულია კავკასიონის ღერძულ ზოლში მამისონისა და მარუხის უღელტეხილებს შორის (270 კმ სიგრძეზე). ამ ზოლის სიგანე სვანეთ-ბალყარეთში 30 კმ აღწევს. მნიშვნელოვანი ფართობი უჭირავს ამ ტიპის რელიეფს სვანეთის, ხოხის, პირიქითის ქედებზე, აგრეთვე კოდორის, ეგრისის და ზოგიერთი სხვა ქედის ცალკეულ მასივებზე; ბ. კავკასიონის მაღალ და საშუალომთიანი რელიეფი გაბატონებული ეროზიული ფორმებით, უკავია კავკასიონის უმეტესი ნაწილი. ხეობათა ზემო ნაწილში შემორჩენილია ძვ. გამყინვარების რელიეფი. ეროზიული რელიეფი ცვალებადია სუბსტრატის შედგენილობის მიხედვით. ლითოლოგიურად ნაირგვარ წყებებში იგი მკვეთრია, კლდოვანი და რთული. აქა-იქ შემორჩენილია მოსწორებულ ზედაპირთა ფრაგმენტები. რეგიონი იყოფა მაღალმთიან (ღერძულ) და საშუალმთიან (პერიფერიულ) ნაწილებად, რ-თა შორის მეორეს უკეთ შეუნარჩუნებია ძვ. ეროზიული საფეხურები; გ. კარსტული რელიეფი დას. და ცენტრ. კავკასიონის პერიფერიული ზოლის იმ ნაწილშია, სადაც გავრცელებულია მეზოზოური კირქვების სქელი წყებები. კოლხეთის მაღალი კარსტი მდ-ების ხეობებით დანაწევრებულია მთელ რიგ მასივებად. უდიდესია – გაგრის, ბზიფის, ოხაჩქუის, ყვირის, მიგარიის, ასხის, ხვამლის, რაჭის მასივები დ. ცენტრ. და აღმ. კავკასიონის მიჯნაზე მდებარეობს ყაზბეგ-ყელის ვულკ. რეგიონი, სადაც ეროზიულსა და ძვ. გამყივნარების რელიეფზე დაშენებულია ათეულობით ვულკ. კონუსი (მყინვარწვერი, ქაბარჯინა, ხორისარი, დიდი და პატარა მეფისკალო, ყელი, ფიდარხოხი, წითელი ხატი). ამ ვულკანებიდან ქვემოთ, მდ-ების თერგის, არაგვის, ლიახვის ხეობებში ჩამოსულია ლავური ღვარები. ქსნისა და არაგვის სათავეებში 2600–3300 მ სიმაღლეზე გადაშლილია ტბებით მდიდარი ყელის ვულკ. ზეგანი, რ-ზეც უხვადაა კრიოგენული ფორმები (ტუფურები, მრავალკუთხედები, კარკნალი). 2. საქართველოს მთათაშორისი ტექტონიკური დეპრესიის ოლქი ალუვიური ვაკეებით, მთისწინეთის ბორცვიანი, დაბალ და ნაწილობრივ საშუალმთიანი რელიეფით, დაბალი კარსტის რეგიონით, ლოკალური მოსწორებული ზედაპირებით. იყოფა 5 ძირითად რეგიონად: ა. კოლხეთის რეგიონი ვრცელი ალუვიური ვაკით, გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთით, წითელმიწა გამოფიტვის ქერქით, დაბალი კარსტით. განსაკუთრებული სუბრეგიონებია ურთა-აბედათის ბრაქიანტიკლინური სერების რკალი და იმერეთის მაღლობი ძველი, ნაწილობრივ დამარხული პენეპლენიზებული ზედაპირებით; ბ. შიდა ქართლის რეგიონს შეადგენს ტირიფონ-მუხრანისა და მტკვრის ალუვიური ვაკეები, კვერნაქის მონოკლინური სერი, კავკასიონისა და თრიალეთის ქედის გორაკ-ბორცვიანი მთისწინეთი; გ. ქვემო ქართლის რეგიონი იყოფა ქვემო ქართლის (მარნეულ-გარდაბნის) ალუვიურ ვაკედ, იაღლუჯის სინკლინურ სერად, თრიალეთისა და ლოქის ქედების და შუა ხრამის კვანძის მთისწინეთებად; დ. ივრის ზეგანი მდ. ივრით გასწვრივი მიმართულებით იყოფა 2 (იორ-მტკვრისა და იორ-ალაზნის) ნაწილად. გაბატონებულია ზეწრული დანაოჭებით წარმოქმნილი სტრუქუტურული რელიეფი – ანტიკლინური და მონოკლინური სერები, სინკლინური ტაფობები. არის ბედლენდური უბნები და ტალახიანი ვულკანები; ე. ალაზნის ვაკე წარმოადგენს დიდ და რთულ ლინეამენტს, რ-იც ორი მხრიდან შემოფარგლულია რღვევებით და ამოვსებულია ალუვიონით. ზედაპირი გართულებულია სქელი გამოზიდვის კონუსებით. გორაკ-ბორცვიანი მთისიწინეთი აქ სუსტადაა გამოსახული. 3) მცირე კავკასიონის საშაულმთიანი (ნაწილობრივ მაღალმთიანი) ნაოჭა ოლქი კარგად გამოსახული მოსწორებული ზედაპირებით, წყვეტილად გავრცელებული ძვ. გამყინვარების ფორმებით, ვულკ. რეგიონითა და სინკლინური ქვაბულით. მასში შედის: ა. შავშეთ-მესხეთ-თრიალეთ-ლოქის მთა-ხეობიანი ეროზიული რეგიონი, რ-იც მოიცავს საქართვ. მცირე კავკასიონის უმეტეს ნაწილს. ხასიათდება საშუალმთიანი რელიეფით, ნეოგენური, ნაწილობრივ მოსწორებული ფორმებით, კლდოვანი, მკვეთრი რელიეფი დაკავშირებულია ეოცენის ვულკანოგენურ წყებებთან. შავშეთისა და მესხეთის, უფრო ნაკლებად კი თრიალეთის ქედების ჩრდ. კალთებზე შემორჩენილია ძვ. მყივნარების მოქმედების კვალი (კარები, ცირკები); ბ. თორის ვულკ. რეგიონი გამოირჩევა ახალგაზრდა ვულკ. ნაგებობებით – დაბაძველისა და ბაკურიანის პლატოებით; მდინარეთა ხეობებში ჩაწოლილი გუჯარეთისა და ბაკურიანის ლავური ღვარებით; მუხერის, დაბაძველისა და სხვ. ვულკ. კონუსებით; გ. ახალციხის სინკლინური ქვაბული წარმოადგენს შეფარდებითი დაძირვის რეგიონს. რელიეფი ვაკისებრი და ბორცვიან-ტერასულია. შემორჩენილია ნაშთები პლიოცენური ლავური განფენისა, რ-იც ფარავდა მთელ რეგიონს. მისი ნაშთია ფერსათის პლატო. 4. საქართველოს სამხრეთი ვულკანური მთიანეთის ოლქი ცენტრ. ვულკანების მწკრივებით, ლავური განფენების დანაოჭების შედეგად წარმოქმნილი რელიეფით, ლავური პლატოებით, ძვ. გამყინვარების მორფოლ. კვალით, ეროზიული კანიონებით.

იყოფა 5 ძირითად რეგიონად: ა. ერუშეთის ქედი–აზევებული და დამრეცნაოჭა ნეოგენური გოდერძის წყება დანაწევრებულია საშუალმთიანი ხეობებით, მაგრამ ინარჩუნებს მოვაკებულ ან ტალღობრივ, დიდ სიმაღლეზე მდებარე შუამდინარეთებს. არის ცალკეული ძვ. ვულკ. კონუსები გამყინვარების კვალით (ცირკები, კარები, ტროგები); ბ. ჯავახეთის ზეგანი წინა რეგიონისგან გამოყოფილია ზემო მტკვრის დამეწყრილი და მრავალგამოქვაბულიანი ხეობით. ჯავახეთის ზეგანს შეადგენს ახალქალაქის პლატო და სერ-ხეობიანი განაპირა ნაწილები, რ-თაც დამრეცნაოჭა ლავური საფუძველი აქვთ. ორივე აგებულია პლიოცენური დოლერიტული ლავებით. სამხრ.-დას. ნაწილში გამოიყოფა მურაკვალის, აზმანისა და დას. ნიალისყურის ანტიკლინური სერები, კარწახისა და ქოდალის სინკლინური ქვაბული და ხეობა. პლატო დანაწევრებულია ფარავნისა და მისი შენაკადების კანიონთა დატოტვილი სისტემით; გ. სამსრისა და ჯავახეთის ქედები ცენტრ. ვულკანების სუბმერიდიანულ მწკრივებს წარმოადგენენ. ქმნიან სუსტად დანაწევრებულ საშუალმთიან რელიეფს. სამსრისა და დიდი აბულის ნეოგენურ გიგანტურ კონუსებზე მკაფიოდაა გამოხატული ძვ. გამყინვარების კვალი (ცირკები, მორენები, ტროგები).

უფრო ახალგაზრდა კონუსები (მაგ., შავნაბადა), რ-ებზეც არ არის მყინვართა მოქმედების ნიშნები, კარგადაა შენახული. ფართოდაა განვითარებული კრიოგენული ლოდნარები (კარკნალი, კურუმები); დ. წალკის პლატო-ქვაბული ხასიათდება დანაოჭებულ პლიოცენურ ლავებზე განვითარებული სერებ-ქვაბულებიანი რელიეფით. სერები შეესაბამება ანტიკლინებს, ქვაბულები და ზოგი ხეობა კი – სინკლინებს. ქვაბულების ფსკერი მობრტყელებულია ტბიური ნალექების დაგროვებით; ე. ხრამის ლავური პლატოები – ჭოჭიანის, ბედენის, გომარეთის, დმანისის და ქვემო ქართლისა – აგებულია ზედაპლიოცენური და პლეისტოცენური დოლერიტული ლავებით, ტბიური და მდინარეული ნაფენებით. დანაწევრებულია ეროზიული კანიონებით.

ლიტ.: მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, ნაწ. 1–2, თბ., 1969–70; Геоморфология Грузии, Тб., 1971.

ლ. მარუაშვილ