გეორგიევსკის ტრაქტატი

გეორგიევსკის ტრაქტატი 1783, ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის. ტრაქტატს ხელი მოაწერეს 24 ივლისს (4 აგვ.) გეორგიევსკის ციხესიმაგრეში (ახლანდ. სტავროპოლის მხარე) რუს. მხრივ გენერალმა პავლე პოტიომკინმა, ქართლ-კახეთის მხრივ – ივანე მუხრანბატონმა და ჭავჭავაძე გარსევან|გარსევან ჭავჭავაძემ.

გ. ტ-ის ტექსტი შედგება პრეამბულის, 13 ძირითადი და 4 სეპარატული საიდუმლო მუხლისაგან ანუ არტიკულისაგან. გ. ტ-ით ერეკლე II უარს ამბობდა ირანის ან სხვა სახელმწიფოსაგან დამოკიდებულებაზე, ცნობდა რუს. იმპერატორის უზენაეს მფარველობას და აღუთქვამდა მას ერთგულებას, დაპირებას იძლეოდა მზად ყოფილიყო თავისი ჯარით რუს. იმპერატორის სამსახურად, დაეცვა რუს. ქვეშევრდომთა ინტერესები; ურთიერთობა არ დაემყარებინა სხვა ქვეყნებთან კავკასიის ხაზის უფროსთან და საქართველოში დანიშნულ რუსეთის წარმომადგენელთან შეუთანხმებლად. უცხოეთის ელჩებისათვის მეფეს პასუხი რუსეთთან წინასწარი შეთანხმებით უნდა გაეცა. ქართლ-კახეთის მეფეებს მემკვიდრეობით ტახტზე ასვლა უნდა ეუწყებინათ რუსეთის იმპერატორისათვის და ეთხოვათ ინვესტიტურა. რუსეთის იმპერატორს ქართლ-კახეთის მეფისათვის უნდა გამოეგზავნა დამტკიცების სიგელი და დროშა რუსეთის იმპერიის გერბით, რ-შიც ჩახატული უნდა ყოფილიყო ქართლ-კახეთის სამეფოს გერბიც; მას უნდა გამოეგზავნა აგრეთვე სამეფო გვირგვინი, ხმალი, კვერთხი და ყარყუმის წამოსასხამი. ინვესტიტურის ნიშნების მიღების შემდეგ ქართლ-კახეთის მეფეებს უნდა დაედოთ რუს. იმპერატორისადმი ერთგულების ფიცი. მეფედ კურთხევა და მირონცხება უნდა მომხდარიყო ქართ. ტრადიციის მიხედვით. გ. ტ-ს დართული ჰქონდა საგანგებო დამატებითი მუხლი მეფედ კურთხევის წესის შესახებ. რუსეთის იმპერატორი პირობას დებდა მფარველობა გაეწია ქართლ-კახეთის მეფეებისათვის, გარანტიას იძლეოდა, რომ შეუნარჩუნებდა ერეკლე II-სა და მის მემკვიდრეებს მათ სამფლობელოებს და საქართველოს მის ისტორიულ საზღვრებში აღადგენდა; რუს იმპერატორი პირობას დებდა: ქართველების მტრები საკუთარ მტრებად ეცნო. მეფე ერეკლე II და მისი შთამომავლობა დაეცვა უცვლელად ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე; არ ჩარეულიყო ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო საქმეებში და აეკრძალა თავისი სამხ. და სამოქალაქო წარმომადგენლებისათვის საქართველოში რაიმე განკარგულების გაცემა. გ. ტ-ით ქართლ-კახეთის კათოლიკოსი რუს. სინოდის წევრთა რიცხვში შეჰყავდათ. რუსეთში წასული ქართველი თავადაზნაურობა რუს. თავადაზნაურობას უთანასწორდებოდა, რუს. მთავრობა კისრულობდა ხელი შეეწყო სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებისათვის. ქართველ ვაჭრებს რუსეთში თავისუფალი ვაჭრობის უფლება ეძლეოდათ და ენიჭებოდათ ყველა შეღავათი, რითაც რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ. შესაბამისად, ერეკლე II-მაც იკისრა ვალდებულება შეღავათები მიეცა რუსი ვაჭრებისათვის. მხარეებს ერთიმეორის სამეფო კარზე უნდა დაენიშნათ დიპლომატიური წარმომადგენლები. გ. ტ-ის სეპარატული არტიკულებით რუს. იმპერატორი ვალდებულებას კისრულობდა: ქართლ-კახეთის სამეფოში ჰყოლოდა ორი ქვეითი ბატალიონი ოთხი ზარბაზნით; მეფის ძალების გასაძლიერებლად კავკასიის ხაზის უფროსს ეძლეოდა რწმუნება შეთანხმებულიყო ერეკლე II-თან ქართული მიწების დაცვისა და საერთო მტრების წინააღმდეგ ერთობლივი მოქმედებისათვის. ომის შემთხვევაში იმპერატორი ყოველმხრივ ეცდებოდა, ხოლო ზავის დადებისას ყოველ ღონეს მიმართავდა, რათა ქართლ-კახეთის სამეფოს დაბრუნებოდა მტრების მიერ მიტაცებული მიწები, იმპერატორი რჩევას აძლევდა ერეკლე II-ს დაეცვა კეთილი ურთიერთობა და კავშირი იმერეთის მეფე სოლომონ I-თან, მათ შორის რაიმე გაუგებრობის შემთხვევაში ერეკლე II ვალდებულებას კისრულობდა რუსეთის იმპერატორი ეცნო არბიტრად. გ. ტ. „საუკუნოდ“ დადებულად ცხადდებოდა, მასში რაიმე ცვლილების შეტანა მხოლოდ ურთიერთშეთანხმებით უნდა მომხდარიყო. ხელშეკრულების რატიფიცირებისათვის დაწესებული იყო 6 თვის ვადა. გ. ტ. რატიფიცირებულ იქნა ეკატერინე II-ის მიერ 1783 წ. 21 სექტ., ერეკლე II-ის მიერ – 1784 წ. 24 იანვარს. ეს იყო საერთაშორისო სამართლის ნორმების მიხედვით დადებული ხელშეკრულბა ძლიერი სახელმწიფოს მფარველობაში უფრო სუსტი სახელმწიფოს ნებაყოფლობით შესვლის შესახებ. გ. ტ-ით დასტურდებოდა ქართლ-კახეთის სამეფოს სუვერენიტეტი. ამ აქტით ქართველი პოლიტიკოსები შეეცადნენ რუსეთის იმპერიისაგან მიეღოთ ქართული სახელმწიფოებრიობის დაცვისა და შენარჩუნების იურიდიული გარანტია, რ-იც ქვეყნის უშიშროებას გარეშე მტრების შემოსევისაგანაც უზრუნველყოფდა, მაგრამ შემდგომ რუსეთის იმპერიამ არ შეასრულა დანაპირები.

ეკატერინე II-ის დროს, 1795, დაშვებულ იქნა საქართველოზე ირანის მბრძანებლის აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა, ხოლო 1801 ჯერ პავლე I-ის 18 იანვრის მანიფესტით (ეს მანიფესტი პავლეს წინასწარ, 1800 წ. 18 დეკ. ჰქონდა ხელმოწერილი და ქართლ-კახეთის მეფის გიორგი XII-ის გარდაცვალებამდე მას საიდუმლოდ ინახავდნენ), შემდეგ კი ალექსანდრე I-ის 1801 წ. 12 სექტ. მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და აღმ. საქართველო რუსეთის იმპერიამ შეიერთა. რუსეთის ცარიზმმა საქართველოში იმპერიული პოლიტიკის გატარება დაიწყო.

პუბლ.: გეორგიევსკის ტრაქტატი. 1783 წლის ხელშეკრულება რუსეთის მფარველობაში აღმოსავლეთ საქართველოს შესვლის შესახებ. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და შენიშვნები დაურთო გ. პაიჭაძემ, თბ., 1983; გეორგიევსკის ტრაქტატი. გამოკვლევა, დოკუმენტები, ფოტოპირები. ვ. მაჭარაძის გამოც., თბ., 1983.

ლიტ.: ალექსიძე ლ., საქართველო-რუსეთის საერთაშორისო-სამართლებრივი ურთიერთობა XV–XVIII საუკუნეებში, თბ., 1983; ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 2, თბ., 1965; დუმბაძე მ., 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი (პროფესორ იასე ცინცაძის წიგნის გამო), «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1960, ნაკვ. 33; პაიჭაძე გ., ქართლ-კახეთისა და რუსეთის ურთიერთობის განახლება XVIII ს. 80-იანი წლების დასაწყისში. 1783 წ. ხელშეკრულება, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973, გვ. 686 – 693; ცინცაძე ი., 1783 წლის მფარველობითი ტრაქტატი, თბ., 1960; ჯავახიშვილი ივ., დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში, თბ., 1919; Пайчадзе Г., Георгиевский трактат, Тб., 1983.

გ. პაიჭაძე