გეოტექტონიკური დარაიონება

გეოტექტონიკური დარაიონება, დედამიწის ქერქში ცალკეული თვისებრივად განსხვავებული ერთეულების (სისტემების, ზონების) გამოყოფა, რ-ებიც ერთმანეთისაგან განირჩევა ტექტონ. აგებულებით (დისლოკაციის ხარისხით) და დანალექი და მაგმური ქანების ხასიათით. საქართვ. ფარგლებში გამოიყოფა მთლიანად კავკასიისათვის დადგენილი შემდეგი ძირითადი გეოტექტონ. ერთეულები: კავკასიონის ნაოჭა-შარიაჟული ნაგებობა (ადრე ეწოდებოდა კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი), სამხრ.კავკ. მთათაშუა არე და მცირე კავკასიონის ნაოჭა შეცოცებითი ნაგებობა (ადრე ეწოდებოდა მცირე კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი). კავკასიონის ნაოჭა-შარიაჟული ნაგებობა (გეოლ.რეტროსპექტივაში - განაპირა ზღვა) შედგება კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმისაგან და კავკასიონის სამხრეთი ფერდობის ნაოჭა-შარიაჟული სისტემისაგან. კავკასიონის მთავარი ქედის ანტიკლინორიუმის ცენტრ. ნაწილში შიშვლდება კავკასიონის კრისტ. გული კამბრიულისწინა და ქვედა-, შუაპალეოზური მეტამორფული ქანებით; აღმ. და დას. ნაწილებში - ინტენსიურად დანაოჭებული ძირითადად მეზოზოური ნალექები. კავკასიონის სამხრ. ფერდობის ნაოჭა-შარიაჟული სისტემა პეტროგენული აგებულებისაა - შედგება რამდენიმე ზონისაგან. სამხრ. კავკასიის მთათაშუა არე (გეოლ. რეტროსპექტივაში სამხრ. კავკ. კუნძულთა რკალის ჩრდ. ნაწილი) შედგება რამდენიმე გეოტექტონ. ერთეულისაგან. საქართველოს ბელტი ჩამოყალიბდა ბაიკალური და ჰერცინული ოროგენეზისების შედეგად. ალპ. განვითარების ოროგენულ ეტაპზე მისი უდიდესი ნაწილი გადაიქცა მთათაშუა მოლასურ როფად, ხოლო ცენტრ. აზევებულ ნაწილში გაშიშვლდა იურულისწინა კრისტ. სუბსტრატი (ძირულის მასივი). აჭარა-თრიალეთის ნაოჭა ზონა წარმოადგენს ალბური დროიდან უშუალოდ პალეოზოურ სუბსტრატზე ჩასახულ როფს (რიფტს). რ-იც ამოვსებულია სქელი ალბურ-ზედაცარცული და კაინოზოური ნალექებით, მას ნაოჭა-ბლოკური აგებულება აქვს. ართვინ-ბოლნისის ბელტი საქართვ. ტერიტორიაზე (მისი დას., ნაწილი თურქეთშია) იყოფა ჯავახეთისა და ბოლნისის ზონებად. ბოლნისის ზონაში შიშვლდება

იურულის წინა კრისტ. სუბსტრატი (ხრამის მასივი); საქართვ. ტერიტორიაზე წარმოდგენილია აგრეთვე მტკვრის მთათაშუა როფის უკიდურესი დას. ნაწილი - გარეკახეთის ზონა (ადრე შედიოდა საქართვ.ბელტში), რ-იც აგებულია სქელი ოლიგოცენური და მიოცენ-პლიოცენური მოლასებით. მცირე კავკასიონის ნაოჭა-შეცოცებითი ნაგებობა (გეოლ. რეტროსპექტივაში - სამხრ.კავკ. კუნძულთა რკალის სამხრ. ნაწილი და ირანის ბაქნის ჩრდ. ნაწილი) საქართვ. ფარგლებში მოიცავს ლოქ-ყარაბაღის ზონა|ლოქ-ყარაბაღის ზონის ჩრდ. კიდეს. მის აგებულებაში მონაწილეობს იურულისწინა კრისტ. სუბსტრატის აზევებული ნაწილი - ლოქის მასივი და შედარებით სუსტად დანაოჭებული მეზოზოურ-კაინოზოური ნალექები.

ლიტ.: Тектоника и металлогения Кавказа, Тб., 1984

ე. გამყრელიძე