გერასიმე

alt text

გერასიმე, XIV ს. მხატვარი. ხელმძღვანელობდა უბისის ეკლესიის მოხატვას.

აღნიშნული ძეგლის კედლის მხატვრობაში ფერწერის ორი მანერა შეიმჩნევა: ერთი, რ-იც ეკლესიის მხატვრობაში „საიდუმლო სერობის“ კომპოზიციისათვის არის დამახასიათებელი. ამ სცენის ქვემოთ მოთავსებული წარწერის მიხედვით „საიდუმლო სერობის“ ფერწერული სტილი გ-მ შექმნა. მეორე მანერა, როგორც ჩანს, გ-ს მოწაფისეულია. გ-ს მიერ შესრულებული ფრესკები XIV ს. ქართ. მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ძეგლთაგანია. ადრინდ. მხატვრობის მონუმენტურობას, სიდინჯესა და დარბაისლობას აქ დინამიკურობა, დაგრძელებული ფიგურები, სამოსის ნაკეცთა რთული, ტეხილი ხაზები და დაქუცმაცებული ხუროთმოძღვრული ფონი ცვლის.

გ-ს ნახატი მეტყველია. მის ენერგიულ ფერწერას ახასიათებს ფართო, თამამად დადებული მონასმები; მოციქულთა, ანგელოზთა და წმინდანთა სახეები გამოირჩევა ძლიერი ექსპრესიით. თმა და წვერი ოსტატურად არის დამუშავებული. „საიდუმლო სერობის“ კომპოზიცია გვიჩვენებს, რომ მხატვარი არ ერიდებოდა რეალური სინამდვილის ასახვას – გაშლილ სუფრაზე აწყვია მწვანილი, ქართ. პური. გ. თავისი დროის ერთ-ერთი შესანიშნავი მხატვარია.

ვ. ბერიძე