გერმესაშვილი ვლადიმერ (ლადო) იაკობის ძე

გერმესაშვილი ვლადიმერ (ლადო) იაკობის ძე (6. IV. 1901, თბილისი,–1. I. 1953, იქვე), მომღერალი (ლირიკული ტენორი). საქართვ. დამს. არტისტი (1946). სიჭაბუკეში მღეროდა მ. კავსაძის, ი. კალანდაძის, ა. მაისურაძის ხალხ. გუნდებში. 1929 დაამთავა თბილ კონსერვატორია (პროფ. ე. ვრონსკის კლასი). იყო ვ. სარაჯიშვილის სახ. პირველი სტიპედნიანტი. 1929–31 მივლინებული იყო მოსკოვის კ. სტანისლავსკის სტუდიაში. ამავე წლებში გამოდიოდა დიდი თეატრის სცენაზე. 1932-იდან იყო თბილ. ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. გ-ის რეპერტუარში იყო შემდეგი საოპერო პარტიები: მალხაზი, აბესალომი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „აბესალომ და ეთერი“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), პავლე (შ. თაქთაქიშვილის „დეპუტატი“). ჰერცოგი (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“), ალმავივა (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), ინდოელი სტუმარი, ლიკოვი (ნ. რიმსკი-კორსაკოვის „სადკო“, „მეფის საცოლე“), ვლადიმერ იგორის ძე (ა. ბოროდინის „თავადი იგორი“), აშუღი (ა. სპენდიარიანის „ალმასტი“). გ. წარმატებით გამოვიდა მოსკოვში ქართ. ხელოვნ. I დეკადაზე (1937). 40-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართვ. რადიოს სოლისტად. განსაკუთრებით ცნობილია როგორც ქართვ. კომპოზიტორთა კამერულ-ვოკალური ნაწარმოებების შემსრულებელი.