გერმანული კლასიკური ფილოსოფია

გერმანული კლასიკური ფილოსოფია, ფილოსოფიური აზრის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი XVIII–XIX სს. გერმანიაში, იწყება კანტი იმანუილ|ი. კანტის ფილოსოფიით და მთავრდება ლ. ფოიერბახის მოძღვრებით.

გ. კ. ფ-მ შემოქმედებითად აითვისა წინამორბედი ფილოსოფიისა და საერთოდ კულტურის მონაპოვარი, შეძლო გადაელახა განმანათლებლობისათვის დაუძლეველი დაბრკოლებანი, შექმნა ირაციონალიზმის, იდეალიზმისა და მატერიალიზმის უმაღლესი ფორმები (ჰეგელის, შოპენჰაუერისა და ფოიერბახის მოძღვრებათა სახით), რითაც ფილოს. შემდგომი განვითარების თეორიული წანამძღვრები მოამზადა. დაწყებული დოდაშვილი სოლომონ|ს. დოდაშვილიდან, რ-იც ამ მიმდინარეობის თანამედროვე იყო, გ. კ. ფ-ის წარმომადგენელთა იდეები ნაყოფიერ გავლენას ახდენდა ქართ. საზ. აზრის განვითარებაზე. თარგმნილია მათი მრავალი ძირითადი შრომა, შექმნილია გ. კ. ფ-ის საყურადღებო ინტერპრეტაციები შ. ნუცუბიძის, მ. გოგიბერიძის, ს. დანელიას, კ. ბაქრაძის, ს. წერეთლისა და სხვ. მიერ. 1827 ს. დოდაშვილმა თავის „ლოგიკაში“ სწორად განსაზღვრა ამ მიმართულების სიახლე. იგი წერდა: „კანტის გამჭრიახმა გონებამ ახალი სახე მისცა გონებისმეტყველებას და მტკიცე საზღვრები დაუდო მას“. აქვე ხაზგასმულია კატეგორიათა ცხრილის კანტისეული გაგების მნიშვნელობა და მოკლედაა დახასიათებული მისი მემკვიდრეების (ვ. გ. იაკობის, კ. ლ. რაინჰოლდის, ი. შულცის, ი. გ. ფიხტეს) ღვაწლი, აგრეთვე მათი მოძღვრებისა და ცხოვრების ურთიერთკავშირი. გ. ორბელიანი იცნობდა როგორც ფ. შელინგის, ასევე ფ. შლეგელის მოძღვრებას, რაც ქართული და გერმანული რომანტიზმის კავშირზე მიუთითებს. თბილ. უნ-ტის დაარსებამდე გ. კ. ფ. საქართველოში ძირითადად ნეოკანტიანელების და ჰეგელი გეორგ|ჰეგელის მოძღვრებით იყო წარმოდგენილი. ქართვ. მარქსისტები მას იცავდნენ ფედერალისტებისა და ანარქისტების (ა. ჯორჯაძე, მ. ჩერქეზიშვილი) კრიტიკისაგან. 1920 შ. ნუცუბიძემ „ფილოსოფიის შესავალში“ განიხილა გ. კ. ფ-ის იდეალისტი წარმომადგენლების შეხედულებები, შეაფასა იგი როგორც „გონების თავისუფალ შემოქმედებაზე დამყარებული“ მოძღვრება, რ-იც მოწყვეტილი იყო სიმანდვილეს (შრომები, ტ. 3, გვ. 21). მ. გოგიბერიძემ 1928 კანტთან თავისებურ მიმართებაში გაიაზრა გ. კ. ფ., რ-ის თითოეული წარმომადგენელი თავიდან იწყებს კანტის შრომების მიღებას, გასწორებას, შევსებას (რჩ. ფილოს. თხზ., ტ. 2, გვ. 223). ამავე წლებში შეიქმნა კ. ბაქრაძის ცნობილი თვალსაზრისი, რ-იც გ. კ. ფ-ს დიალექტ. მთლიანობის ერთიან ძიებად წარმოგვიდგენს. ძიება თანდათან ვითარდება ჰეგელის ფილოსოფიამდე, მაგრამ აქაც ვერ ახერხებს დუალიზმის დაძლევას (რჩ. ფილოს. თხზ., ტ. 1, გვ. 241). ს. დანელიას აზრით, გ. კ. ფ. კანტის ტრანსცენდენტალიზმის საფუძველზე აღმოცენებული მიმდინარეობაა. კანტი ჰეგელის იდეალისტური ისტორიზმის წინამორბედია, ხოლო კანტის კრიტიკული მეთოდი „დიალექტიკის პირობაა“ („კანტის ცხოვრება და ფილოსოფიური მოღვაწეობა“, 1977, გვ. 3). ს. წერეთელმა მრავალ შრომაში გ. კ. ფ. წარმოადგინა როგორც დიალექტ. მეთოდის, კერძოდ დიალექტ. ლოგიკის, ჩასახვისა და განვითარების პროცესი, რ-იც იდეალიზმისათვის შესაძლებელ სრულყოფას ჰეგელთან აღწევს, ხოლო მისი მონაპოვარი თვისებრივად ახ. საფუძველზე გამოიყენება ჭეშმარიტ დიალექტიკაში. ამ თვალსაზრისითაა დაწერილი ს. წერეთლის „დიალექტიკური ლოგიკა“ (1965). კ. ბაქრაძის და ს. წერეთლის კონცეფციებზე დაყრდნობით მ. ჭელიძემ სპეც. გამოკვლევები მიუძღვნა ჰეგელსა და ფოიერბახს. ლ. ფოიერბახის ფილოსოფია მან წარმოადგინა, როგორც უკიდურესობამდე მისული იდეალიზმის საფეხურზე ფილოსოფიის შემდგომი განვითარებისათვის აუცილებელი „შინაგანი“ უარყოფა, გადასვლა მატერიალიზმზე („ლუდვიგ ფოიერბახი“, თბ., 1985). გ. კ. ფ-ის მთლიანობის პრობლემა განხილულია აგრეთვე ო. ბაკურაძის, თ. ბუაჩიძის, გ. თევზაძის, გ. კილაძის შრომებში.

ლიტ.: ბაქრაძე კ., დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, თბ., 1971; გოგიბერიძე მ., მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემები მარქსამდე, ტფ., 1928; თევზაძე გ., იმანუელ კანტი, თბ., 1974.

გ. თევზაძე