გერმანოზიშვილები

გერმანოზიშვილები, თავადური საგვარეულო XVI–XIX სს. ქვემო ქართლში, ბარათაშვილთა ერთ-ერთი შტო.

გ-ის გვარის ფუძემდებლად ითვლება გერმანოზ ქავთარაძის ძე ბარათაშვილი, მოხსენიებული 1523 ბარათაანთ გაყრის წიგნში. გ-ის სათავადო ყმა-მამული – საგერმანოზიშვილო – ძირითადად მდებარეობდა ალგეთის ხეობაში, ყმა-მამული ჰქონდათ ქვემო ქართლის სხვა კუთხეშიც. XVIII ს. დასაწყისში გ-ს 150-მდე კომლი გლეხი და რამდენიმე ვასალი აზნაური ჰყავდათ. გ. პირველად გაიყარნენ XVII ს. ბოლოს, მეორედ – 1756, რის შედეგადაც თანდათან დამცირდნენ და წვრილ მფლობელებად იქცნენ. გ-ის სათავადო სახლის უფროსი მეორე, ხოლო სახლიკაცები მესამე თავადებად ითვლებოდნენ.

ეკავათ მეჯინიბეთუხუცესისა და სამეფო სოფლების მოურავთა თანამდებობანი.

ლიტ.: ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირვლ მეოთხედში, ნაწ. 3–4, თბ., 1938; ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955.

გ. ჯამბურია