გერბი

საქართველოს სახელმწიფო გერბი მიღებული 2004 წ.

გერბი (რუს. герб < პოლ. herb < გერმ. Erbe – მემკვიდრეობა), ემბლემა, მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რ-თაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტ. ტრადიციებს გამოხატავენ.

გ-ები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწ. გ., სამიწაწყლო გ. (ქალაქების, ოლქების, გუბერნიების, პროვინციებისა და სახელმწიფოში შემავალი სხვა ტერიტორიებისა), კორპორაციული გ. (შუა საუკ. ამქრებისა) და საგვარეულო გ. (თავადაზნაურული და ბურჟ. გვარებისა). გ. სპეციფ. ისტ. წყაროა, რ-საც დამხმარე ისტ. დისციპლინა – ჰერალდიკა შეისწავლის. გ. გამოსახულია დროშებზე, ბეჭდებზე, მონეტებზე და სხვ. გ-ს, როგორც საკუთრების აღმნიშვნელ ნიშანს, ხშირად გამოსახავენ არქიტ. ნაგებობებზე, საყოფაცხოვრებო ნივთებზე, იარაღზე, ხელოვნების ნაწარმოებებზე, ხელნაწერებზე, წიგნებზე და სხვ. გ-ის უძველეს პირველსახედ ითვლება ტომის ან გვარის მფარველი ცხოველების ტოტემური გამოსახულებები პირველყოფილ საზ-ბაში. გ-ის უშუალო წინამორბედი იყო საგვარეულო და საოჯახო საკუთრების ნიშნები. პირველ გ-ებს წარმოადგენდა ძვ. სამყაროს მედლებზე, საბეჭდავებსა და მონეტებზე გამოსახული ერთი და იგივე ემბლემები. საქართველოს სინამდვილეში გ-ის ჩანასახად გვევლინება რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული მრავალფეროვანი სიმბოლური გამოსახულებები (ლომი, გველეშაპი, მთვარის ღვთაება, ხარი, წრეში მოთავსებული ჯვარი), რ-ებიც უძველესი დროიდან ჩნდება.

ქართ. გ-ები დღეისათვის მოღწეულია ძირითადად გვიანდ. ფეოდ. ხანიდან, მაგრამ მათი წარმოშობა-ჩამოყალიბება გაცილებით ადრეულ პერიოდს ეკუთვნის. საქართველოში დასტურდება გ-ის თითქმის ყველა სახეობა. შუა საუკ. საქართველოს სახელმწ. გ-ზე გამოსახულია ამხედრებული წმ. გიორგი, რ-იც შუბით კლავს მიწაზე განრთხმულ გველეშაპს. ერთიანი ქართ. ფეოდ. მონარქიის დაშლის (XV ს.) შემდგომ ხანაში გაჩნდა ცალკეულ პოლიტ. ერთეულთა (ქართლის, კახეთის და იმერეთის სამეფოები, მესხეთის, გურიის, ოდიშისა და აფხ. სამთავროები) გ-ები, რ-თა აღწერილობა და ილუსტრაციები მოგვცა ვახუშტი ბატონიშვილმა (XVIII ს.). საქართველოში გავრცელებული იყო კორპორაციული გ-ებიც. ასეთი გ-ები ჰქონდათ მონასტრებს, ვაჭართა და ხელოსანთა ამქრებს. პრაქტიკაში არსებობდა აგრეთვე საგვარეულო გ-ები, რაც მხოლოდ ფეოდალთა პრივილეგიას შეადგენდა. სამეფო საგვარეულოს – ბაგრატიონთა გ. ასახავდა ამ საგვარეულოს ბიბლიურ, დავით წინასწარმეტყველისაგან წარმომავლობისა და ქრისტესთან ნათესაობის ლეგენდას, აგრეთვე სვეტიცხოვლის თქმულებას. ფეოდალთა გ-ები, როგორც წესი, შედგებოდა შემდეგი ელემენტებისაგან: გვირგვინი, პორფირი და სიმბოლოს გამოსახულება (ეს უკანასკნელი თითოეული გვარისათვის სხვადასხვა იყო). ფეოდალთა გ-ებს მეფე ამტკიცებდა. საქართველოში კარგად იყო ცნობილი გ-ების დამზადების ტექნიკა, შემუშავებული იყო გ-ის სტრუქტურისა და მისი ელემენტების აღმნიშვნელი ტერმინოლოგია. 1801–1917 რუს. იმპერიაში შემავალ საქართველოს თავისი სახელმწიფო გ. აღარ გააჩნდა.

საქართვ. ახალი სახელმწ. გ-ის საკითხი მისი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1918) დადგა. 1918 წ. 5 აგვ. საქართველოს ეროვნ. საბჭოს ხელოვნების კომისიამ ი. ჯავახიშვილის მოხსენების საფუძველზე დაადგინა გ-ზე გამოსახული ყოფილიყო „საქართველოს სპეტაკი რაინდი თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“. მნათობის იდეა მემატიანე ლეონტი მროველიდან (XI ს.) მოდიოდა – „დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი... და დაუტევა ქართლს ერისთავად აზონი... და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივსაცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა“. შვიდი მნათობი საქართველოს შვიდი „მთავარი თემისა და სამმართველოს“ გამოსახულება უნდა ყოფილიყო. 1918 წ. 20 სექტ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო „კანონი საქართველოს რესპულიკის ღერბისა“, სადაც ნათქვამი იყო: „ღერბი არის თეთრი გიორგი შვიდი მნათობით“. გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა შარლემანი იოსებ|ი. შარლემანის პროექტმა, 1918 წ. 27 დეკ. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო გ-ის აღწერილობა: „შვინდისფერ ადგილიან რგვალ ფარზედ თეთრი გიორგი ოქროს ჩლიქებიან თეთრ ცხენზედ. მარჯვენა ხელში შესატევად მომარჯვებული ოქროს შუბი, ვერცხლის ლახვრიანი. ცისფერი ჯავშანი, რომელსაც აქვს უჯრედები; ჯავშნის ქვეშ მიხაკის ფერი ტყავის პერანგი; სახელო და ბოლო მოსასხამისა თეთრი; მარცხენა მხარზედ თეთრი ფერის სახიანი შალვარი, ალისფერი, ოქროს წაღები; უნაგირის ქვეშ ვეფხის ტყავის ყაჯარი; უნაგირი ოქროსი და უზანგი ვერცხლისა; ღერბის თავში რვაკუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი, მის მარჯვნივ ვერცხლის მთვარე, მარცხნივ ოქროს მზე; მთვარის და მზის აქეთ იქით ორ-ორი რვაკუთხიანი ვერცხლის ვარსკვლავი; ცხენის ქვევით შავით მთის მწვერვალი. ფარის გარშემო შავი არშია, თეთრწინწკლებიანი, ოქროს ზოლებშია ჩასმული“. საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ 1921 წ. 21 თებ. მიიღო კონსტიტუცია, რ-ითაც „საქართველოს ღერბი არის ძლევამოსილი გიორგი თეთრ რაშზედ მჯდარი“ (მუხლი მეხუთე). 1921 წ. 20 მაისს საქართველოს სოციალ. რესპ. რევკომის № 36 დეკრეტით მიღებულ იქნა საქართვ. სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწ. გ., რ-იც მცირედი ცვლილებებით დარჩა 1990 წ. 14 ნოემბრამდე. გ-ზე გამოსახულ სპეციფიკურ ნიშნებს მიეკუთვნება რესპ. სახელწოდების წარწერა ქართ. ენაზე – „საქართველოს სსრ“, დათოვლილი ცისფერი მთაგრეხილი შუაში აღმართული თოვლიანი მწვერვალით, ოქროს ვაზი ყურძნის მტევნით და ქართ. ჩუქურთმა არშიად. 1990 წ. 14 ნოემბერს საქართვ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს სესიამ მოქმედი კონსტიტუციის 104-ე მუხლში შეიტანა ცვლილება და საქართვ. რესპუბლიკის სახელმწ. გ-ად დაამტკიცა საქართვ. დემოკრ. რესპ. სახელმწ. გ. მცირედი ცვლილებებით. საქართვ. 1995 წ. კონსტიტუციით (მ. 11), საქართვ. სახელმწ. სიმბოლოები დადგენილია ორგან. კანონით,რ-ის საფუძველზე 2004 წ. 10 ოქტომბრიდან შემოღებული იქნა ახალი სახელმწიფო გ. (ავტორი მ. გონგაძე). (იხ. სტ. სახელმწიფო გერბი).

წყარო და ლიტ.: იოანე ბატონიშვილი, კალმასობა, ტ. 2, თბ., 1948; ბარნაველი ს., საქართველოს საბეჭდავები და სხვა გლიპტიკური მასალები, თბ., 1965; გამსახურდია ს., შოშიაშვილი ნ., ხიდურელი ზ., საქართველოს სახელმწიფო დროშები და გერბები, თბ., 1990. 

                                                                                                                                                                                                                                                   გ.არახამია 

უ.სიდამონიძე