გერგეტი

 

rught|გერგეტი. სამების ეკლესია.

გერგეტი, XIV ს. ქართული ხუროთმძღვრული კომპლექსი, მდებარეობს ყაზბეგის დას-ით 4 კმ-ზე, ყოფ. სოფ. გერგეტს (1966 შეუერთდა დაბა ყაზბეგს) ზემოთ, თერგის მარცხ. ნაპირზე, მყინვარწვერის ერთ-ერთ განშტოებაზე.

გალავნით შემოზღუდულ გ-ის სამების კომპლექსში შედის ტაძარი, სამრეკლო და „საბჭეო“. გეგმით სწორკუთხა ტაძარი წარმოადგენს ჯვაროვან-გუმბათოვან ნაგებობას, რ-ის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და საკურთხევლის აფსიდის კედლებს ეყრდნობა. აფსიდი მოქცეულია კედლის სიბრტყეში. მის ორივე მხარეს მოთავსებულია სამკვეთლო და სადიაკვნე, ხოლო ნაგებობის ოთხივე კუთხის მეორე სართულზე სამალავი ოთახებია მოწყობილი. შიგნიდან და გარედან შემოსილია სუფთად გათლილი ანდეზიტის კვადრებით. პროპორციები მასიურია, ფასადების სიბრტყეები – დანაწევრებული. მორთულობა ამშვენებს სარკმელთა და შესასვლელთა საპირეებს, ათწახნაგა გუმბათის ყელს და ორსართულიან სამრეკლოს, რ-იც ტაძრისავე თანადროულია და მასთან ერთად ქმნის ერთიან ანსამბლს. ტაძრის სამხრ. კედელზე მიშენებულია „საბეჭო“ – პატარა სათავსი. აქ საუკუნეთა განმავლობაში იკრიბებოდა ხევის უხუცესთა საბჭო, რ-იც თემის ცხოვრების უმნშვნელოვანეს საკითხებს წყვეტდა.

გ. ხევის უმთავრესი სალოცავი და, ვახუშტის გადმოცემით, „მცხეთის სამკაულის სახიზარიც“ იყო. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართ. ქრისტიანობის ერთ-ერთი უწმინდესი რელიკვია – წმ. ნინოს ჯვარი, რ-ის ფლობის პატივს იგი სვეტიცხოველთან და თბილ სიონთან ერთად ინაწილებდა.

1392 გუჯარში გერგეტის სამების მონასტერთან ერთად მოხსენიებულია „არაგუზე ციხე გერგეტაული“.

ლიტ.: სანიკიძე თ., გერგეტის ხუროთმოძღვრული ანსამბლი, თბ., 1975.

თ. სანიკიძე

ჯ. გვასალია