არბოობა

არბოობა, წმ. გიორგის სახელთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაული.

იმართებოდა ქართლის რამდენიმე სოფელში ერთდროულად. მთავარ დღეობას იხდიდნენ სოფლებში არბოსა და გერში (გორის მუნიციპ.). ა. იწყებოდა აგვ. ბოლო კვირას და სამ კვირას (შაბათ-კვირაობით) გრძელდებოდა. მლოცველები ხშირად ჯერ (პარასკევს) გერის წმ. გიორგის ეკლესიაში მიდოდნენ, ღამეს ათევდნენ, შაბათს კი მთავარი სალოცავის – არბოს წმ. გიორგის ეკლესიის კარზე გადიოდნენ. შესაწირავად მიჰყავდათ მოზვერი, ცხვარი ან ქათამი.

არბოს წმ. გიორგის ეკლესიის მრევლს შეადგენდნენ შიდა და ზემო ქართლის მლოცველები. ვახუშტის ვარაუდით, „არბოწმიდის“ ეკლესია აშენებული უნდა იყოს აბო თბილელის სახელზე, რ-ის წმინდა ნაწილი ამ ადგილზე დაუკრძალავთ.

ა-თან დაკავშირებული იყო ტრად. ბაზრობა, რ-მაც XIX ს. II ნახევრიდან ფართო ხასიათი მიიღო.

ა. დღემდე შემორჩა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1), გვ. 89, 94.

გ. ჯალაბაძე