განწყობა

 

განწყობა, ინდივიდის მზაობა გარკვეული მოქმედებისთვის. განწყობითი მდგომარეობა გულისხმობს ცოცხალი არსების ფსიქოფიზიკური სისტემებისა და პროცესების გააქტიურებას, მობილიზაციას, მომართვას ვითარების შესატყვისი აქტივობის განსახორციელებლად. ეს აქტივობა შეიძლება იყოს მოტორული ‒ ე. წ. „მოტორული გ.“, შეიძლება იყოს მენტალური და ცნობიერი მოქმედება ‒ ე. წ. „ფსიქიკური გ.“; და „სოციალური გ.“ ეს უკანასკნელი გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას, პოზიციას სოც. და საზ. ღირებულებების მიმართ და აისახება შესაბამის სოციალურ აქტივობაზე.

გ-ის ცნება მეცნიერებაში პირველად შემოიტანა ჰ. სპენსერმა (1862). იგი წერდა, რომ სწორი მსჯელობა გარკვეული საკითხების განხილვისას დიდწილად დამოკიდებულია „სულიერ განწყობაზე“ (Attitude of mind). ისტორიულად გ-ის ემპირიული კვლევა დაიწყო იმით, რომ რეაქციის დროის შესწავლისას ერთმანეთისგან გაიყო მოტორული და სენსორული გ. (ლ. ლანგე, 1888 წ.). გაირკვა, რომ ცდის ობიექტების პირებს საპასუხო რეაქციისთვის უფრო მცირე დრო სჭირდებათ, როდესაც ისინი მომზადებული არიან არა სტიმულის სწრაფი აღქმისთვის, არამედ მოტორული რეაქციის სწრაფი განხორციელებისთვის. შემდგომში გ-ის ცნება გასცდა ფსიქოფიზიკის საზღვრებს და მენტალური მოვლენების სფეროში გადაინაცვლა. კერძოდ, ვიურცბურგის ფსიქოლ. სკოლაში დადგინდა, რომ ინსტრუქციას, რ-იც სუბიექტის რეაგირებისთვის მზაობას ქმნის, ფუძემდებლური როლი ენიჭება აზროვნების პროცესის და, საზოგადოდ, ნებელობითი აქტივობის მიმდინარეობის განსაზღვრაში. ამ მდგომარეობის აღსანიშნავად შემოტანილი ტერმინი „ცნობიერების განწყობა“ (კ. მარბე). გერმანულ ენაში არსებობს ცნება აინშტელუნგი (Einstellung), რ-იც ერთდროულად აღნიშნავს გ-ს მისი ინდივიდუალურ-ფსიქოლ., კოგნიტური გაგებით და ასევე გ-ს, როგორც გარკვეულ სოციალურ-ფსიქოლ. მიმართვას ან ადამიანის დამოკიდებულებას რაიმეს მიმართ. ამ უკანასკნელი მნიშვნელობით გავრცელებულია ინგლისური ტერმინი ატიტუდი (Attitude). მის შესწავლას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება სოც. ფსიქოლოგიაში.

სხვადასხვა სფეროში გ-ის მრავალწლიანი კვლევის შედეგად დაგროვდა ემპირიული მონაცემების უზარმაზარი მასივი და გამოითქვა მრავალი თეორ. მოსაზრება. ამ საქმიანობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა გამოჩენილი ქართვ. მეცნიერის დ. უზნაძის მიერ დაფუძნებულმა ფსიქოლ. სკოლამ. უზნაძემ გ-ის ცნება თავისი ზოგადფსიქოლ. თეორიის ცენტრში მოაქცია და ფსიქიკური ცხოვრების ძირეულ ამხსნელ მექანიზმად წარმოადგინა. ამ კონცეპტუალური სისტემის ფარგლებში განხილულია გ-ის ფორმირებისა და მოქმედების კანონზომიერებები, გარკვეულია მისი ზოგადი თვისებები და გამოვლენის ინდივიდუალური თავისებურებები. ყოველივე ეს შესწავლილია ორიგინალური ექსპერ. მეთოდოლოგიის გამოყენებით. (იხ. აგრეთვე განწყობის ფსიქოლოგია).

ლიტ.: ნადირაშვილი შ. განწყობის ფსიქოლოგია, ტ.1–2. თბ., 1983–1985; უზნაძე დ. განწყობის ფსიქოლოგია. თბ., 2004; Асмолов А. Г. Деятельность и установка. М.,1979; მისივე, А. Г. Установка и познание: проблема установки в необихевиоризме и когнитивной психологии / По ту сторону сознания: методологические проблемы неклассичесой психологии. М.: 2002; Allport G. Attitudes /Murchison (Ed.), A Handbook of Social Psychology.Worcester, MA, 1935; Eagly A., Chaiken S. The Psychology of Attitudes. N.Y.,1993.

ი. იმედაძე