ახვლედიანი ელენე დიმიტრის ასული

ე. ახვლედიანი

ახვლედიანი ელენე დიმიტრის ასული [5 (18). IV. 1901, თელავი, – 30. XII. 1975, თბილისი], ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი. საქართვ. სახ. მხატვარი (1960). რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1971).

1922 სწავლობდა თბილ. სამხატვრო აკადემიაში. იყო გ. გაბაშვილის მოწაფე. იმავე წელს, როგორც აკადემიის სტიპენდიანტი, საზღვარგარეთ მიავლინეს და სწავლა გააგრძელა პარიზში, კოლაროსის აკადემიაში (1922 – 27). 1927 დაბრუნდა სამშობლოში. ა-ის მკაფიო ინდივიდუალურობა და თვითმყოფადობა მხატვრობის ყველა ჟანრში გამოვლინდა. განსაკუთრებით დიდია მისი წვლილი ქართ. პეიზაჟური მხატვრობის განვითარებაში. ხატავდა საქართვ. ბუნების სურათებს, ქალაქის პეიზაჟებს, რ-ებიც გამოირჩევა ემოციურობით, რომანტიკულობით, მდიდარი ფერადოვნებით, ზოგჯერ – ხაზგასმული დეკორატიულობით, კომპოზიციის აგების სიმახვილით, ყოველთვის საგრძნობია განწყობილება – ზოგჯერ ხალისიანი და სადღესასწაულო, ზოგჯერ – სევდიანი, ზოგჯერ დრამატულიც. განსაკუთრებული სიყვარულითა და ინტიმური გრძნობით არის შესრულებული თბილისის, სიღნაღისა და თელავის ძვ. უბნებისადმი მიძღვნილი პეიზაჟები. მისი მნიშვნელოვანი ფერწერული ნამუშევრებია: „ძველი თბილისი“ (1924, კერძო კუთვნილება, თბილისი), „კახეთი – ზამთარი“ (1924, საქართვ. ხელოვნ. მუზეუმი, თბილისი), „ძველი თბილისი“ (1926, კერძო კუთვნილება, პარიზი), „პარიზის ერთ-ერთი კუთხე“ (1926, საქართვ. ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), „თელავი“ (1927, კერძო კუთვნილება, თბილისი), „ალაზნის ველი“ (1954), „იმერეთი“ (1956, ორივე საქართვ. სურათების გალერეა, თბილისი), „შემოდგომა“ (1959, კერძო კუთვნილება, თბილისი) და სხვ.

ა-მა დიდი ამაგი დასდო ქართ. სცენოგრაფიის განვითარებას. თეატრის მხატვრად მუშაობა 1928-იდან დაიწყო კ. მარჯანიშვილის თეატრში (ქუთაისი) და არ შეუწყვეტია მთელი სიცოცხლის მანძილზე. გააფორმა 72 სპექტაკლი, როგორც თბილ. და საქართვ. სხვა ქ-ების, ისე მოსკ., ლენინგრ., კიევისა და ხარკოვის თეატრებში. აღსანიშნავია ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“ (1942 – 43, თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრი), ზ. ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“ (1932 – 33, კ. მარჯანიშვილის თეატრი), ჯ. პუჩინის „ბოჰემა“ (1944 – 45, მოსკ. ჩაიკოვსკის სახ. საოპერო სტუდია), ჯ. ვერდის „ბალ-მასკარადი“ (1955 – 56, კიევის შევჩენკოს სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი) და სხვ. ა. ნაყოფიერად მუშაობდა წიგნის გრაფიკაშიც. მას ეკუთვნის ვაჟა-ფშაველას მოთხრობებისა და პოემების, მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავლის“, ჰ. ლონგფელოს „ჰაიავათას სიმღერის“, ვ. ჰიუგოს რომანის „კაცი, რომელიც იცინის“, დ. კასრაძის ზღაპრის „ქალ-პეპელას“ ილუსტრაციები. მის სახელს ატარებს თბილისის ბავშვთა სურათების გალერეა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: ახვლედიანი. კატალოგი, თბ., 1960; ელენე ახვლედიანი. კატალოგი, თბ., 1965; ელენე ახვლედიანი. ალბომი, შემდგ. ვ. ჭიაურელი, ტექსტის ავტ. ე. პრივალოვა, თბ., 1980; კარბელაშვილი მ., ე. ახვლედიანი, თბ., 1980; ურუშაძე ნ., ელენე ახვლედიანი თეატრში, თბ., 1968.

მ. კარბელაშვილი