არაბიძე მერი ანდროს ასული (დ. 25. II. 1994, სამტრედია), სპორტსმენი, მოჭადრაკე.
საერთაშორისო დიდოსტატი ქალთა (2012) და საერთაშორისო ოსტატი ვაჟთა (2014) შორის. 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის (ბათუმი) მესამე პრიზიორი (2018). საქართვ. ჩემპიონი (2019) და სამგზის მეორე პრიზიორი (2012, 2020–21). მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი (2004, 2005, 2011) და სამგზის მეორე პრიზიორი, ევროპის სამგზის ჩემპიონი (2004, 2005, 2008) და 4-გზის მეორე პრიზიორი სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში. მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალის მონაწილე (2015). საქართვ. ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებული და მცირე ოქროს მედლის მფლობელი III დაფაზე (2015), ევროპის გუნდური ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი (2015). მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2019, II დაფაზე მეორე შედეგი აჩვენა). ევროპის გუნდური ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2019, მცირე ოქროს მედალი IV დაფაზე). Forbes-ის პროექტის ,,30under30“-ის სპორტის კატეგორიის გამარჯვებული (2021).
საქართვ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ დაასახელა 2011 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოჭადრაკედ და მიანიჭა სპორტის რაინდის წოდება (2015).
დ. გურგენიძე