ბათუმის კონფერენცია

ბათუმის კონფერენცია, საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ამიერკავკასიის რესპუბლიკები ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის სახით ერთი მხრივ და ოსმალეთის იმპერია მეორე მხრივ. ამიერკავკასიის სეიმის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო აკაკი ჩხენკელი, ოსმალეთის დელეგაციას კი იმპერიის იუსტიციის მინისტრი ჰალილ ბეი თავკაცობდა. ამიერკავკასიის დელეგაციის სხვა ქართველი წევრები იყვნენ: ნ. ნიკოლაძე, ს. კედია, ზ. ავალიშვილი.

კონფერენციის მუშაობაში შუამავლის სტატუსით ჩართული იყო გერმანიის დელეგაცია, რ-საც გენერალი ოტო ფონ ლოსოვი მეთაურობდა. აღსანიშნავია, რომ, გერმანელებს მრჩეველის რანგში თან ახლდათ პეტრე სურგულაძე, რ-იც საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

თურქების ინიციატივით ბათუმში კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩრდ. კავკასიის დელეგაციაც ჩავიდა. მას ჰ. ბამატი ხელმძღვანელობდა. თურქებმა ბათუმის კონფერენციის კულუარებში საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს აზერბაიჯანისა და ჩრდ. კავკასიის წარმომადგენლებთან, რ-ზეც კავკასიის ერთიან პროოსმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გეგმებს განიხილავდნენ.

1918 6 მაისს 46 კაცისაგან შემდგარი დელეგაცია ოსმალეთის სტუმრის სტატუსით ბათუმში ჩავიდა.

ბათუმის კონფერენცია 1918 წლის 11 მაისს გაიხსნა.

1918 წლის 27 აპრილს სტამბოლში დაიდო საიდუმლო ხელშეკრულება პირველ მსოფლიო ომში მონაწილე ორ მოკავშირე სახელმწიფოს - გერმანიასა და ოსმალეთს შორის. ამ ხელშეკრულებამ ოსმალეთს აქტიური მოქმედების ახალი პრეტენზიების წამოყენების საშუალება მისცა.

ამ დროისათვის ამიერკავკასიის მთავრობა თანახმა იყო ბრესტის ზავის პირობებზე, თუმცა გამოიკვეთა რომ, ახლა ოსმალეთი ამ ზავის პირობებით უკვე აღარ კმაყოფილდებოდა და ახალ-ახალ მოთხოვნებს აყენებდა. ოსმალეთი ყარსის, არტაანის, ართვინისა და ბათუმის ოკრუგებთან ერთად, დამატებით ახალქალაქის, ალექსანდროპოლის, ეძმიაძინისა და სურმალინის მაზრებსაც ითხოვდა. ეს კი საქართველოს ოკუპაციას ნიშნვავდა. ამით ფაქტობრივად აღდგებოდა 1828 წლის საზღვარი. ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში (არჩევაში) კონსენსუსს ვერ აღწევდნენ. საქართველო კურსს გერმანიაზე იღებდა, სომხეთი ანგლოფილურად იყო განწყობილი, ხოლო აზერბაიჯანი თავის მოკავშირედ ოსმალეთს მიიჩნევდა. კონფერენციაზე აშკარად გამოჩნდა, რომ, ამიერკავკასიის სამოკავშირეო სახელმწიფოს არსებობა აბსოლუტურად უპერსპექტივო იყო. გამოიკვეთა, რომ, იმ ვითარებაში ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს, თავის გადასარჩენად ცალ-ცალკე უნდა ეზრუნათ.

ამიერკავკასიიის დელეგაციის ქართულ ნაწილს პოზიციას უმყარებდა ჯერ კიდევ 1914 წელს გერმანიასთან მიღწეული შეთანხმება და ის ფაქტი, რომ, ცენტრალურ სახელმწიფოთა მთავრობებმა 1917 წლის ნოემბერში კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა ეცნოთ და ეღიარებინათ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა თუ კი იგი გამოცხადდებოდა. შესაბამისად ქართულ პოლიტიკურ ისთებლიშმენთში გერმანიაზე ორიენტაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამიერკავკასიის დელეგაციის მეთაურმა აკაკი ჩხენკელმა ოფიციალურად მიმართა გერმანიის დელეგაციის მეთაურს გენერალ ფონ ლოსოვს, რომლისგანაც საშუამავლო მისიაზე ოფიციალური თანხმობა 1918წ. 19 მაისს მიიღო.

ქართველ დიპლომატთა ვარაუდით გერმანიას ამ მომენტში ოსმალეთის ალიკაპის როლი უნდა ეთამაშა. უნდა აღინიშნოს, რომ, გერმანიის საზავო მოლაპარაკებაში ჩართვა თურქებმა უკანონოდ აღიარეს, თუმცა ძლიერი პარტნიორისათვის წინააღმდეგობის ბოლომდე გაწევა მათ ვერ შეძლეს. გამოჩნდა, რომ, ოსმალეთის გაზრდილ ტერიტორიულ პრეტენზიებს ვერც გერმანია შეურიგდებოდა.

კავკასიაში გერმანიას თავისი სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესები ჰქონდა, რ-ლიც ობიექტურად საქართველოს ეროვნულ ინტერესებსაც არ აზიანებდა. ბათუმის კონფერენციის მსვლელობის პროცესში საბჭოთა რუსეთმა გამოაცხადა, რომ, იგი არ ცნობდა ამიერკავკასიის დამოუკიდებლობას და ბათუმის საზავო კონფერენციაზე საკუთარი დელეგაციის დაშვება მოითხოვა. ამიერკავკასიის სეიმმა ეს წინადადება არ მიიღო. საბჭოთა რუსეთის კონფერენციის მუშაობაში ჩართვა ხელს არც ოსმალეთსა და გერმანიას აძლევდა.

ბათუმის კონფერენციაზე ისიც ნათლად გამოიკვეთა რომ, საქართველოს გერმანიასთან ურთიერთობას მყარი საფუძველი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ დაფუძნდებოდა. ქართული პოლიტიკური ისთებლიშმენტი დარწმუნდა, რომ, ოსმალეთის მხრიდან მოსალოდნელი ოკუპაციისაგან საქართველოს დაცვა მხოლოდ გერმანიას ძალუძდა. შესაბამისად ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში გერმანიის მფარველობით ქართული სახელმწიფოს აღდგენის გეგმა დაისახა. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ საბოლოოდ გაიზიარა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა და მისი გამოცხადებისათვის პრაქტიკულ მზადებას შეუდგა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ, საქართველოს ეროვნული საბჭოს მესვეურების მიერ გერმანიაზე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის აღება, იმ კონკრეტულ სიტუაციაში, ერთადერთ სწორ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წარმოადგენდა.

1918 წლის 20 მაისს ბათუმში საქართველოს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნ. ჟორდანია ჩავიდა. შედგა მისი შეხვედრა ოტო ფონ ლოსოვთან, სადაც საქართველო-გერმანიის ურთიერთობის კონკრეტული საკითხები განიხილეს. ლოსოვს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროდან ისედაც ჰქონდა დავალებული, რომ, გავლენა მოეხდინა თურქებზე და ამიერკავკასიის მიმართ მათი პრეტენზიები ბრესტის საზავო ხელშეკრულების პირობებით შეეზღუდა.

იმ სიტუაციაში მართალია საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხი რეალურად დადგა დღის წერიგში (გამოიკვეთა), მაგრამ, ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლების არსებობის ვითარებაში, საქართველოს ეროვნულ საბჭოს დამოუკიდებლად მოქმედება არა შეეძლო. სეიმის თანხმობის გარეშე იგი გერმანიასთან ვერავითარ შეთანხმებას (ხელშკრულებას) ვერ გააფორმებდა. სეიმისაგან კი ასეთი დასტური ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რადგანაც მასში შემავალი დაშნაკებიც და მუსავატელებიც საკუთარი ინტერესებით მოქმედებდნენ. ეს კი საქართველოს ინტერესებს მკვეთრად უპირისპირდებოდა. ასეთი მძიმე სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი კი საქართველოს ეროვნული საბჭოსათვის მთელი ძალაუფლების სასწრაფოდ გადაცემა იყო.

ამიერკავკასიის დელეგაციის მეთაური აკაკი ჩხენკელი საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელზე ბათუმიდან დეპეშას დეპეშაზე გზავნიდა და ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ, დამოუკიდებლობა დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადებულიყო. 1918 წლის 24 მაისის დეპეშაში აკაკი ჩხენკელი იტყობინებოდა, რომ მან გერმანელებთან მოლაპარაკება თითქმის დაამთავრა და რამდენიმე ხელშეკრულება ხელმოსაწერად ჰქონდა გამზადებული.

სწორედ ბათუმის კონფერენციაზე დადგა დღის წესრიგში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაუყოვნებელი გამოცხადების აუცილებლობა, რაც, 1918 წლის 26 მაისს წარმატებით განხორციელდა კიდეც.

ლიტ.: ბ ე ნ დ ი ა ნ ი შ ვ ი ლ ი  ა., საქართველოს ისტორია, თბ., 1999. ვ ა ჩ ნ ა ძ ე  მ.,  გ უ რ უ ლ ი ვ., საქართველოს ისტორია, XIX-XX საუკუნეები, თბ., 2014. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, (1918-1921). ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბილისი, 2018;  საქართველოს ისტორია, XX საუკუნე, (სახელმძღვანელო ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის), თბილისი, 2009; 5  ს ვ ა ნ ი ძ ე მ., ბათუმის კონფერენცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება, ქართული დიპლომატია, წელიწდეული 6, თბ., 1999.  ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ა., ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  პ ., საქართველოს ისტორია, თბილისი, 1991;  ს უ რ გ უ ლ ა ძ ე პ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაბადება, სამეცნიერო კრებულში ,,მეისტორიე“, მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი, თბილისი, 2019;  ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე ო., საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორია, თბილისი, 2009.

პ. სურგულაძე