გამყრელიძე თამაზ ვალერიანის ძე

თ. გამყრელიძე

გამყრელიძე თამაზ ვალერიანის ძე (23. X. 1929, ქუთაისი, – 10. II. 2021, თბილისი), ენათმეცნიერი, საზოგადო მოღვაწე. საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკად. აკადემიკოსი (1974), საკავშირო (რუსეთის) მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1984), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979), ჰუმბოლდტის საერთაშ. პრემიის ლაურეატი (გერმანია, 1989).

დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის ფილოლ. განყ-ბა სემიტოლოგიის სპეციალობით (1952). უნ-ტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ენათმეცნ. ინ-ტში, ხოლო თსუ-ში აკად. გ. წერეთლის ხელმძღვანელობით ეუფლებოდა სემიტოლოგიის საფუძვლებს. გ. წერეთელისავე ინიციატივით გაიგზავნა ლენინგრადში (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) და პროფ. ი. დიაკონოვის ხელმძღვანელობით შეისწავლა ძვ. აღმოსავლური ენები: აქადური, ურარტული, ხეთური და სხვ.

სამეცნ.-პედ. საქმიანობას ეწეოდა აკად. გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტსა და თსუ-ში. 1973–2005 იყო ამავე ინ-ტის დირექტორი, შემდეგ – საპატიო დირექტორი და სამეცნ. საბჭოს თავ-რე; 1966-იდან ხელმძღვანელობდა თსუ-ის სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათედრას (1999-იდან – ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნ. კათედრა, შემდეგ თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნ. ეროვნ. ინ-ტი). 2005–13 იყო საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის პრეზიდენტი, ხოლო 2013 წ. ივლისიდან გარდაცვალებამდე – ამავე აკადემიის საპატიო პრეზიდენტი.

გამორჩეულია გ-ის წვლილი ქართველოლოგიის, ქართ. აღმოსავლეთმცოდნეობისა და ინდოევროპეისტიკის განვითარებაში, ზოგადად, ქართ. მეცნიერების წარმატებასა და ავტორიტეტის შექმნაში საერთაშ. ასპარეზზე.

გ. იკვლევდა აღმოსავლეთმცოდნეობისა და თეორიული ენათმეცნიერების, ძვ. აღმოსავლური ენების, ინდოევრ., სემიტური და ქართველური ენების სტრუქტურისა და თეორიის საკითხებს. 1956 დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ხეთური ენის არაინდოევროპული ელემენტები“, ხოლო 1963 – სადოქტორო დისერტაცია „ხეთური ენა და ლარინგალური თეორია“, რ-შიც წარმოდგენილია ახალი ხედვა ინდოევრ. ლარინგალური ფონემების ისტორიული განვითარებისა და მათი თავისებური რეფლექსების შესახებ ინდოევრ. ენათა დიაქრონიაში. ხეთური სოლისებრი დამწერლობის წარმოშობისა და ამ ენის ფონემური სისტემის კვლევისას მან თავისებურად განავითარა „ლარინგალური თეორია“, რ-იც ინდოევრ. ფონემათა ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესს ეხება. ამ ნაშრომებით გ. წარმოჩნდა როგორც ინდოევრ. ენათა ისტ.-შედარებითი საკითხებისა და ხეთოლოგიის ფუნდამენტურ პრობლემათა საუკეთესო მკვლევარი.

განსაკუთრებულია გ-ის წვლილი ქართველურ ენათა ისტ.-შედარებით კვლევაში. კომპარატივისტიკის მეთოდოლოგიაში სტრუქტურიზმისა და ზოგადტიპოლოგიური ძიების უახლესი მეთოდების ჩართვით მან სრულიად ახლებურად დასვა და გადაწყვიტა ქართველურ ენათა სტრუქტურისა და ისტორიის თითქოს უკვე ამოწურული საკითხი. ამის დასტური იყო მისი პირველივე კომპარატივისტული ნაშრომი ქართველურ ენათა შედარებით ფონეტიკაში –„სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურის ზოგი საკითხი“ (1959). ამ ნაშრომის ზოგადმეთოდოლოგიური და ზოგადლინგვისტური მნიშვნელობის შედეგი „გამყრელიძის კანონის“ სახელით არის ცნობილი.

ქართველურ ენათა კვლევის სრულიად ახალი ეტაპია ფუნდამენტური მონოგრაფია „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (1965, თანაავტორი გ. მაჭავარიანი). ავტორებმა შემოგვთავაზეს ქართველურ ენათა ისტ. გრამატიკის არსებითად ახალი კონცეფცია, ხოლო თეორიული თვალსაზრისით ეს იყო ახალი სამეცნ. პარადიგმა, რითაც ეს მონოგრაფია უმნიშვნელოვანეს მოვლენად იქცა არა მხოლოდ სამამულო, არამედ საერთაშ. შედარებით ენათმეცნიერებაში, დიაქრონულ კვლევებში. ნაშრომი თარგმნილია და გამოცემული გერმანულ ენაზე.

გ-ის მონოგრაფია „წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა. ანბანური წერის ტიპოლოგია და წარმომავლობა“ (1989; ინგლ. ენაზე – 1995) ეძღვნება ქართ. დამწერლობის სტრუქტურისა და ისტორიის ანალიზს. ქართ. დამწერლობის შინაგანმა სისტემურმა ანალიზმა და მისმა სტრუქტურულ-ტიპოლოგიურმა შეპირისპირებამ ძვ. სემიტურსა და ძვ. ბერძნულ დამწერლობებთან ცხადი გახადა ქართ. ანბანის მიმართება სხვა სისტემის ანბანებთან და განსაზღვრა მისი ტიპოლოგიური ადგილი ადრექრისტ. პერიოდის დამწერლობათა (კოპტური, გოთური, ძვ. სომხური, ძვ. სლავური) შორის.

გ-ის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ორტომიან მონოგრაფიას „ინდოევროპული ენა და ინდოევროპელები. ფუძე-ენისა და პროტო-კულტურის რეკონსტრუქცია და ისტორიულ-ტიპოლოგიური ანალიზი“ (1987, რუს. ენაზე, ვ. ივანოვის თანაავტორობით; ინგლ. ენაზე, ბერლინი – ნიუ-იორკი, 1994–98; 1988 – ლენინური პრემია). ნაშრომში წამოყენებულია სრულიად ახლებური თეორია ინდოევრ. ენის ბუნებისა და ინდოევროპელთა პირველსაცხოვრისის შესახებ. ამ თეორიის საფუძვლად აღებული ე. წ. გლოტალური თეორია პრინციპულად ახ. სამეცნ. პარადიგმა იყო ინდოევრ. ენათა შედარებითსა და ტიპოლოგიურ კვლევაში. ნაშრომმა ახალი ბიძგი მისცა ენათა და კულტურათა შედარებითსა და ტიპოლოგიურ კვლევებს მთელ მსოფლიოში.

გ-ის უშუალო ხელმძღვანელობით მეცნ. აკადემიაში XX ს. 90-იანი წწ. ბოლოდან დაიწყო მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტზე – „ქართული ენის თესაურუსზე“ (ისტორიული ლექსიკონი) მუშაობა, რ-საც საფუძვლად დაედო «„ვეფხისტყაოსნის“ ტექსტის დამდგენი კომისიის» (შემდეგ „რუსთაველის კომიტეტი“) მასალა, მისი ლექსიკური ბაზები. მეცნ. აკადემიის ამ სტრუქტურას გ. 1997-იდან ხელმძღვანელობდა.

გ. იყო მსოფლიოს არაერთი აკადემიისა და საზ-ბის უცხოელი საპატიო წევრი: ამერიკის მეცნ. ნაციონალური აკადემიისა (ვაშინგტონი), ამერიკის ხელოვნ. და მეცნ. აკადემიისა (კემბრიჯი), ევროპის მეცნ. აკადემიისა (ლონდონი), ბრიტანეთის აკადემიისა (ლონდონი), ამერიკის ლინგვისტური საზ-ბისა (ვაშინგტონი), ევროპის ლინგვისტური საზ-ბისა (პრეზიდენტი 1986) და სხვ.; იყო ასევე ბონისა და ჩიკაგოს უნ-ტების საპატიო დოქტორი.

1992 გ-ს მიენიჭა ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემია: არის საქართვ. ღირსების (1999) და ბრწყინვალების (2020) ორდენების კავალერი; საქართვ. ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს „წმინდა გიორგის ოქროს ორდენის“ მფლობელი (2013). 2000 აირჩიეს თბილისის საპატიო მოქალაქედ.

გ. შემოქმედებით მოღვაწეობას უთავსებდა სახელმწ. და საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო საქართვ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსა და საქართვ. პარლამენტის რამდენიმე მოწვევის წევრი (1990–92, 1992–2003); ხელმძღვანელობდა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს. გ-ს, როგორც საქართვ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრს, ხელი აქვს მოწერილი „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე“ (1990, 28. X. ); იყო საქართვ. დელეგაციის წევრი მოსკოვში 1989 სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობისა (25. V. – 9. VI.), სადაც მან სიტყვა წარმოთქვა 9 აპრილის თბილისის მოვლენების შესახებ და ამხილა საბჭ. პოლიტ. და სამხ. ხელმძღვანელობა.

თხზ.: სიბილანტთა შესატყვისობანი და ქართველურ ენათა უძველესი სტრუქტურების ზოგი საკითხი, თბ., 1959; დეზაფრიკატიზაცია სვანურში. „გადაწერის წესები“ დიაქრონულ ფონოლოგიაში, თბ., 1968; თეორიული ენათმეცნიერების კურსი, თბ., 2008; რჩეული ქართველოლოგიური შრომები, თბ., 2000; რჩეული წერილები და გამოსვლები, თბ., 2014.

ა. არაბული