კვერენჩხილაძე ზინაიდა (ზინა) ვასილის ასული

 

ზ. კვერენჩხილაძე

კვერენჩხილაძე ზინაიდა (ზინა) ვასილის ასული (25. VIII. 1932, თბილისი, – 2. IX. 2011, იქვე, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს წმ. ნინოს დედათა მონასტრის ეზოში), მსახიობი. სა­ქართვ. სახალხო არტისტი (1976).

1956 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. სა­ხელმწ. თეატრალუ­რი ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, პარალელურად იყო თეატრ. ინ-ტის მსა­ხიობის ოსტატობის კათედრაზე რეჟისორის თა­ნა­შემ­წე (1970-იდან), მეტყველების კა­თედრის პედაგოგი (1974-იდან).

ზ. კვერენჩხილაძე. ფედრა,
ჟ. რასინის „ფედრა“

1988 მიენიჭა დოცენტის წოდება, 2000 - პროფესორისა.

მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: სლავკა (ბ. ნუშიჩის "ფილოსოფიის დოქტორი"), ლიზი (რ. ნეშის „წვიმის გამ­ყიდველი"), ლელა (დ. გაჩეჩილაძის „ბახტრიონი"), ვარინკა, ტურა (გ. ნახუცრი­შვი­ლის „ფიროსმანი", „ჭინჭრაქა"), ელიზაბეტ პროქტორი (ა. მილერის "სეილემის პროცესი"), სახლის პატრონი (ბ. ბრეხტის "სეჩუანელი კეთილი ადამიანი"), დედა (ნ. დუმბაძის „მზიანი ღამე", „საბრალდებო დასკვნა"), ანტიგონე, მედეა (ჟ. ანუი „ანტიგონე", „მედეა"), ფედრა (ჟ. რასინის „ფედრა"), პორცია, კლეოპატრა (უ. შექსპირის „იულიუს კეისარი", „ანტონიოსი და კლეოპატრა"), ზეინაბი (ა. სუმბათა­შვი­ლის „ღალატი"), იოკასტე (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), პენელოპე (ა. ვალიეხოს „ოცნება"), ემილი დიკინსონი (უ. ლუისის „ამჰერსტის მშვენება“), ქეთევან დედოფალი (ა. გრიფიუსის „ქეთევან ქართველი, ანუ გაუტეხელი სიმტკიცე“), მერი პოპინსი (პ. ტრევერსის „მერი პოპინსი“), თამარ ახვლედიანი (რ. ჰარვუდის „მოხუცი ჯამბაზები“) და სხვ. 1990 მისი ინიციატივით ჩა­მო­ყა­ლიბ­და დმანისის თეატრი-სტუდია „ქვემო ქართლი". 2012 დმანისის  პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელი მიენიჭა.

ზ. კვერენჩხილაძე. ანტიგონე, ჟ. ანუის „ანტიგონე“

კ. იყო დიდი შესაძლებლობების, ემოციური, ფართო დიაპაზონის მსახიობი, გამოირჩეოდა დახვეწილი მხატვ­რუ­ლი სასცენო მეტყველებითა და პლასტიკით. შესრულებული აქვს რამდენიმე კინოროლი: ეფემია („დათა თუთაშხია", 1978), გულქანი („ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა", 1984), ფარნაოზის დედა („გათენების წინ", 1971) და სხვ. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999). ავტორია წიგნისა „ჩემი ანტიგონე" (თბ., 2003).

 

 

 

 

 

 

ზ. კვერენჩხილაძე. ემილი დიკინსონი, უ. ლუისის „ამჰერსტის მშვენება“, რეჟისორები: რ. ჩხაიძე და რ. სტურუა, 1981.

2010 წლის 23 დეკემბერს რუსთაველის ეროვნ. თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობითი ვარსკვლავი.

ზ. კვერენჩხილაძე. შემოქმედების კოლაჟი.

ლიტ.: გ ე გ ე ჭ კ ო რ ი  მ., ზინა კვერენჩხილაძე, თბ., 1986; ზინაიდა კვერენჩხილაძე - 90 (წიგნი-ალბომი, შემდგენელ-რედაქტორი ს. მეტრეველი), თბ., 2022; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ს., მსახიობის სიტყვათმეტყველება, თბ., 2009; მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი  ს., ტრაგიკული ტალანტი, თბ., 2012.