დვალიშვილი დავით ალექსანდრეს ძე

დ. დვალიშვილი 

დვალიშვილი დავით ალექსანდრეს ძე (დ. 1. V. 1948, ქ. ტყიბული), მსახიობი, საქართვ. დამს. არტისტი (1979). 1970 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრალური ინ-ტი. 1970–80 იყო ქ. ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახ. თეატრის მსახიობი, სადაც წარმატებით შეასრულა როლები: ვახუშტი (გ. ნახუცრიშვილის „ნაცარქექია"), შოშიაშვილი (შ. ჩხაიძის „მკვლელობა სადგურზე"), ილარიონი (ნ. დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი") და სხვ. 1980–83 იყო თბილისის ს. ახმეტელის სახ. თეატრის მსახიობი. 1983-იდან მოღვაწეობს თბილისის კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში.

შესრულებული აქვს როლები: ივანე (მ. ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები"), დე სილვა (კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა"), ყვარყვარე (პ. კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი"), ნოე ჟორდანია (გ. ქართველიშვილის „ქაქუცა ჩოლოყაშვილი"), ლუარსაბი (ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!") და სხვ. გადაღებულია ფილმებში, მ. შ.: კობერიძე („არმია – ჩემი სიყვარული“, გორკის სახ. კინოსტუდია, 1979), მიხო („ზოგი ჭირი მარგებელია", 1982), მოსამართლე („მონანიება", 1984), ობობა („ჯადოქრის ბეჭედი", უკრაინფილმი, 1992) და სხვ.