კერესელიძე ივანე ივანეს ძე [10(22). XI. 1829, თბილისი, – 21.XII.1892 (2. I. 1893), იქვე], პუბლიცისტი, მწერალი, საზ. მოღვაწე, რედაქტორ-გამომცემელი.
1850 დაამთავრა თბილ. პირველი გიმნაზია. 1851 სამეგრელოს მთავარმა დავით დადიანმა მიიწვია ზუგდიდში შვილების აღმზრდელმასწავლებლად. 1852-იდან დაიწყო საგამომცემლო მოღვაწეობა. 1854-იდან მეთაურობდა ქართ. დრამ. დასს. 1857 იანვარს აღადგინა და გამოსცა ჟურნ. „ცისკარი", რ-საც ხელმძღვანელობდა 18 წლის განმავლობაში. 1862 დააარსა ჟურნ. „გუთნის-დედა", 1887-იდან უშვებდა გაზ. „ცისკარს".
კ-ის პირველი ლექსები დაიბეჭდა 1851 გაზ. „ზაკავკასკი ვესტნიკში". შემდეგ იბეჭდებოდა „დროებაში", „იმედში", „ივერიაში" და სხვა ჟურნალ-გაზეთებში. მისი ლექსები „შემიყვარდა ეგ ხმა ტკბილი" და „ჩემო თვალის სინათლევ" პოპულარულ სიმღერებად იქცა. 1855 ცალკე წიგნად გამოიცა კ-ის პოემები, 1859 – ლექსთა პირველი კრებული. კ-ს ურთიერთობა ჰქონდა ა. დიუმასთან (მამა) მისი კავკასიაში მოგზაურობის დროს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ნ. ხომერიკი