კერესელიძე ლეო მათეს ძე

კერესელიძე ლეო მათეს ძე (1883 – 23. XI. 1942), სამხედრო, პო­ლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, სა­ქარ­თველოს ეროვნულ-განმათ. მოძრაობისა და ქარ­თული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი, გ. კერესელიძის ძმა. სა­ქართვ. დემოკრ. რესპ. ეროვნული არმიის გენე­რალი (1918). ფილოსოფიის დოქ­ტორი (1902). დაამთავრა ჟენევის უნ-ტი და ერთხანს იქვე მოღვაწეობდა პრივატ-დოცენტად.

1913–14 გ. კე­რესელიძესთან და სხვებთან ­ერთად ჟენევაში გამოსცემდა ჟურნ. „თავი­სუფალ სა­ქარ­თვე­ლოს". იმავე ხა­ნებში ხელმ­ძღვა­ნე­ლობ­და „ქართველ სე­პარატისტთა ჟენევის ჯგუფს". I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე 1914 ჟენევაში ­შეიქმნა „სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის ეროვნული კომიტეტი", რ-შიც შევიდნენ კ., გ. კერესელიძე, პ. სურ­გულაძე, მოგვიანებით გ. მაჩაბელი და მ. წერეთელი. კომიტეტმა კ-ის ინიციატივით კავშირი დაამყარა გერმანიის სარდლობასთან, მათთან შეთანხმებით გადავიდა სტამბოლში და გერმანიის სარდლობასთან ერთად შეუდგა ქართ. ლეგიონის შედგენას. კ-მ და გერმ. ოფიცერმა ფონ კიშკემ ლეგიონი შექმნეს ოსმალეთში, ლაზისტანის ქ. ვიწეში. პირველ შემადგენლობაში შედიოდა 70 მებრძოლი, რ-ებსაც კ. მეთაურობდა. 1916 ოსმალეთის სარდლობამ არ ისურვა თავის ტერიტორიაზე ქართ. ლეგიონის არსებობა და გერმანიის სარდლობას მოსთხოვა მისი დაშლა. 1918 ეს სამხ. დაჯგუფება სრული შემადგენლობით სა­ქართვ. ეროვნ. არმიაში შევიდა.

1916–18 ლ. და გ. კერესელიძეების თაოსნობით ბერლინში გამოდიოდა „ქარ­თული გაზეთი", რ-მაც მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი როლი შეასრულა საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძო­ლა­ში. 1918–21 კ. თავდაპირველად იყო სა­ქართვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნ. საბჭოს, შემდეგ კი დამფუძნებელი კრების წევრი (1919-იდან). საბჭოთა რუსეთის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს დემოკრატიული რესპუბლიკის ანექსიის (1921 თებ.-მარტი) შემდეგ, კ. ემიგრაციაში წავიდა. 1939-მდე ცხოვრობდა საფრანგეთში, ხოლო 1939–42 – გერმანიაში. 1924 მისი მო­ნა­წი­ლეო­ბით პარიზში დაარსდა ქართველ პატრიოტთა ორგანიზაცია „თეთრი გიორგი". კ-ს ეკუთვნის ქართ. ემიგრანტულ პერიოდულ პრესაში გამოქვეყნებული არაერთი პუბლიც. წერილი. 1918 ჟენე­ვაში ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი „აღმოსავლური ფანტაზიები" („Fantasies Orientales"). დაჯილდოებულია თამარ მეფის ორდენით.

ლიტ.: ს ა ლ ი ა  კ., სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის კომიტეტი პირველი მსოფლიო ომის დროს, «ბედი ქარ­თლისა», პარიზი, 1962, №39–40; ს ი ო რ ი ძ ე  მ., სა­ქარ­თვე­ლოს დამოუკიდებლობის კომიტეტი (1914–1918), ბათ., 1998; ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  ა., ს უ რ გ უ ლ ა ძ ე  კ., ქარ­თული ლეგიონი თურქეთში, ბათ., 1994.

ლ. ურუშაძე