აბრამიშვილი მარიამ (მარი) ივანეს ასული

მ. აბრამიშვილი

აბრამიშვილი მარიამ (მარი) ივანეს ასული (21. IX. 1922, საჩხერე, – 1. VI. 2008, თბილისი), პოეტი, საქართვ. სახელმწ. (2000) და მწერალთა კავშირის ყოველწლიური (1993) პრემიების ლაურეატი.

დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1944). იგი ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის ერთადერთი ქალია, რ-იც პატრ. ლექსებისა და ჟურნ. „ანათემის" გამოცემისათვის 1945 წ. 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში (რფ). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კვლავ განაგრძო ლიტ. მოღვაწეობა. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა ჟურნ. „მნათობში" 1951, ხოლო ლექსების პირველი კრებული „ციცინათელა" – 1957. ა-ის მრაფალფეროვან პოეტურ სამყაროში გამოკვეთილია პატრ. და სატრფიალო ლირიკა, რ-საც მუდამ თან ახლავს მრავლისმნახველი ადამიანის ჩუმი წუხილი და შემწყნარებლური ღიმილი. მისი მნიშვნელოვანი პოეტური კრებულებია: „აი, სად შემხვდი" (1963), „ლირიკა" (1977), „ძველი სიყვარული" (1982), „მემახსოვრება თვით სიკვდილშიაც" (1992), „ერთტომეული" (1999), „მცირე რჩეული" (2003), „სატრფიალო ლირიკა" (2004), „განთიადის მოლოდინში" (2007), „შენი სახელი შემრჩა ბაგეზე“ (2022), „რჩეული“ (2023).  2016 გამოვიდა ა-ის „ბედისწერის განაჩენი" (სხვადასხვა დროის ჩანაწერები). იგი ავტორია, აგრეთვე, საბავშვო ლექსების კრებულებისა: „ნაცნობი მერცხალი" (1960), „ტრაბახა თაგვი" (1975), „ფერადი ფანქრები" (2006). ა-ს თარგმნილი აქვს ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ს. ესენინის, ბ. ახმადულინას, ე. ევტუშენკოს, რ. ოლდინგტონის პოეტური ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია სხვადასხვა ენაზე. 

მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2002). რეაბილიტირებულია 1998-იდან. დაკრძალულია ქართველ მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტ.: კვერენჩხილაძე რ., წამების გზა, ნაწ. 2, თბ., 2017; მეტრეველი ს., მარი აბრამიშვილი - 100. „ლიტერატურული ძიებანი“, 2022, N42; ცხადაია ზ., მარი აბრამიშვილი - „გადაუღებელი წვიმების" ელეგია, „კრიტიკა“, 2022, N17; ჩხეიძე რ., ბორკილები ხილული, ბორკილები უხილავი - მარი აბრამიშვილი და "ანათემელთა სალონი", „მწვანეყვავილა“, 2017. N 4(30).  

რ. კვერენჩხილაძე