ახალციხე

ახალციხე, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), შიდა ქართლის ვაკეზე, მდ. თეძმის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ა., მთიულთუბანი, ნოსტე, ცხავერი), ზ. დ. 810 მ, კასპიდან 18 კმ. 436 მცხ. (2014).

ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.) სოფელთა სიაში იხსენიებს თეძმის ხევში შემავალ სოფელ ახალშენს. სავარაუდოა, რომ მას მოგვიანებით ა. ეწოდა.

სოფლის სამხრ-ით, პატარა ბორცვზე, დგას გვიანდ. შუა საუკ. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – ერთნავიანი „ზედაჯვრის ეკლესია“. ნაგებია ქვიშაქვით, ურევია ტუფიც. გეგმით სწორკუთხა ნაგებობას აღმ-ით კედლის სიბრტყეში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდი აქვს. შიგნით საკურთხეველი ეკლესიის იატაკის დონიდან 2 საფეხურითაა შემაღლებული. შემორჩენილია წითელი ტუფის ქვით ნაწყობი მოჩუქურთმებული კანკელის ნაშთი. კედლები დანაწევრებულია პილასტრების ერთი წყვილით, რ-ებზეც ამოყვანილ თაღს ეყრდნობა გადამხურავი ცილინდრული კამარა. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობის ნაშთი. მეორე ეკლესია ასევე სოფლის განაპირას, ახალქალაქიდან მომავალი გზის პირას დგას. გეგმით სწორკუთხედის ფორმის ერთნავიანი ეკლესიის აფსიდი, გარედან ხუთწახნაგა, შიგნით ნახევარწრიულია. ნაგებია თლილი ქვიშაქვის უსწორმასწორო რიგებით, შერეულია აგურიც. კედლის თაღები, კამარის საბჯენი თაღები და კამარა ნალისებრი ფორმისაა. წარწერის თანახმად, აგებულია 1868. სოფლის მიდამოებში შემონახულია აგრეთვე XVII ს. ციხის ნანგრევი. გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის ციხეს აღმ. მხარე მომრგვალებული აქვს. ნაგებია ადგილ. ყორექვით. კედლებში 5 კოშკია დატანებული, ყველა კოშკს შესასვლელი ეზოდან ჰქონდა, ციხის ერთადერთი, ვიწრო შესასვლელი დას-იდანაა.

სოფლის სამხრ.-დას-ით ½ კმ-ზე, სამაროვანზე აღმოჩნდა არქეოლ. ძეგლი – განძი, რ-იც თარიღდება ძვ. წ. XIV–XIII სს-ით (გვიანდ. ბრინჯაოს ადრინდ ხანა), დაცულია კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. სოფლის სამხრ-ით 1 კმ-ზე ნასოფლარი ორბეთია, სადაც შემორჩენილია შუა საუკ. კვირაცხოვლის ერთნავიანი ეკლესია.

ჯ. გვასალია

თ. დვალი