ახალციხე

ახალციხე, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სნოს თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. სნოსწყლის (თერგის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 1800 მ, სტეფანწმინდიდან 12 კმ. 35 მცხ. (2014).

ხუროთმოძღვრულ ძეგლთაგან აღსანიშნავია IX–X სს. მიჯნის სამნავიანი ბაზილიკა, ყოვლადწმინდის ეკლესია, რ-ის შიგა სივრცე სამ ნავადაა გაყოფილი გეგმით მართკუთხა ბოძების ორი მწკრივით; ბოძებს ამკობს დეკორ. დეტალებით განსხვავებული თავისებური სახის კაპიტელები. შუა, ფართო ნავის კამარა, რ-იც პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღებს ეყრდნობა, ამჟამად შეცვლილია ხის კამაროვანი გადახურვით. გვერდის ნავები აღმ-ით დასრულებულია სადგომებით, რ-თაგან ჩრდილოეთისა სამსხვერპლოა, სამხრეთისა – სადიაკვნე. განსაკუთრებით საინტერესოა სადგომების საგანგებო კამაროვანი გადახურვა. ჩრდ. სადგომი გადახურულია ტრომპებზე ამოყვანილი გუმბათით, ხოლო სამხრეთისა აფრებზე დაყრდნობილ წრიულ ფუძეზეა დამყარებული. ორივე სადგომი გასასვლელებით უკავშირდება ნავებს. გარედან ბაზილიკის სადა ფასადები ტლანქად გათლილი სხვადსხვა ფერის მოზრდილი ქვებითაა ნაწყობი. აღმ. ფასადის ერთადერთი მორთულობაა გრეხილი ლილვით გამოყვანილი საკურთხევლის სარკმლის სწორკუთხა ჩარჩო.

1982 ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები (არქიტექტორები: ნ. მინდორაშვილი, კ. შავერდაშვილი).

ლიტ.: შმერლინგი რ., დოლიძე ვ., თბილისიდან კავკავამდე, თბ., 1991.

ვ. დოლიძე