ახალშენი

ახალშენი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის ქვემო ჭალის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. ლეხურის მარჯვ. ნაპირას. ზ. დ. 800 მ, კასპიდან 15 კმ. 127 მცხ. (2014). სოფლის სახნავ მიწებში შემორჩენილი ძვ. ნასოფლარის ნაშთი, თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით. აქ გამოვლინდა წითლად გამომწვარი, უხეშკეციანი ჭურჭლის ნამტვრევები. ქვევრების ნამტვრევებს შერჩენილი აქვს ნალესობის კვალი, რაც მოწმობს, რომ ქვევრები ჩაკირული ყოფილა. ნასოფლარის ტერიტორიას ამჟამადაც სახნავად ხმარობენ. სოფლის აღმ-ით დგას XVI–XVII სს. წმ. გიორგის გეგმით სწორკუთხა დარბაზული ეკლესია, რ-საც აღმ-ით კონქით გადახურული ნახევარწრიული ღრმა აფსიდი აქვს. შიგნით კედლები ყორე ქვისაა, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები (თაღები) – თლილი ქვისა. გარედან ნაგებია ქვიშაქვის დიდი ნატეხების მოხდენილი წყობით. გადახურულია ისრისებრი კამრით, რ-იც ამოყვანილია პროფილირებულ სვეტისთავებზე დაყრდნობილ საბჯენ თაღზე (დღეისათვის კამარის დას. მონაკვეთი და კედლების ზედა ნაწილი მონგრეულია). შესასვლელი სამხრ-იდანაა. სარკმელი ორია – ერთი აღმ-ით, აფსიდში, მეორე სამხრ-ით. ეკლესიის შიგნით შელესილობისა და მოხატულობის ნაშთია შემორჩენილი. ფასადი სადაა.

პ. ზაქარაია