კეცხოველი ნიკოლოზ (ნიკო) ნიკოლოზის ძე (26. XII. 1897, სოფ. ტყვიავი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, – 26. XII. 1982, თბილისი), ბოტანიკოსი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე. ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1941). ბიოლოგიის მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1937), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1945). საქართვ. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი ყრილობის მონაწილე (1917). პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი, ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. საქართვ. დემოკრატიული რესპუბლიკის არმიის ოფიცერი. მხედრული მამაცობისთვის დაჯილდოვდა „თეთრი გიორგის“ ჯვრით (1919). 1921 თებერვალში აქტიურად მონაწილეობდა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე ბოლშევიკური რუსეთის მე-11 წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში. საქართვ. დამოუკიდებლობის ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის წევრი (1922–24). 1924 აგვისტოს აჯანყებამდე დააპატიმრეს.
1926 დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა. 1929-იდან იყო თსუ-ის ბოტანიკის კათედრის დოცენტი, 1933-იდან – ამავე კათედრის გამგე, საქართვ. მეცნ. აკადემიის სას.-სამ. განყ-ბის თავ-რე (1942–57), ბიოლ. განყ-ბის თავ-რე (1957–63). საქართვ. მეცნ. აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1943–45), თსუ-ის რექტორი (1945–52), საქართვ. მეცნ. აკადემიის ბოტანიკის ინ-ტის დირექტორი (1963–82), საქართვ. ბოტანიკოსთა საზ-ბის დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი (1958) და უცვლელი თავ-რე. ქსე-ის მთავარი სარედაქციო კოლეგიის წევრი.
კ-ის შრომები ეხება საქართვ. მცენარეული საფარის გეობოტანიკურ, ბოტან.-გეოგრ. და სისტემ. გამოკვლევას, მის თანამედროვე მდგომარეობას, აღდგენისა და დაცვის პრობლემებს. ავტორია მრავალი ლიტ. ნარკვევის, ნოველისა და მოთხრობის („თოვლიან მთებში“, 1927; „ცხრათვალა მზის ქვეშ“, 1968; „მორბის არაგვი არაგვიანი“, 1971; „არსიანიდან მოვდივარ, მომიხარია“, 1974; „მეცხრე მთაც გადავიარე“, 1976; „კიდევაც დაიზრდებიან“, 1978). სრულიად საკავშირო სას.-სამ. გამოფენაზე მიიღო მცირე ოქროს მედალი (1939). იყო ი. გოგებაშვილის სახ. (1960), ივ. ჯავახიშვილის სახ. (1970) პრემიების, შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემიის (ორჯერ 1974, 1979) ლაურეატი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1980).
დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტ.: ნიკო კეცხოველი. ბიობიბლიოგრაფია. შემდგ. მ. ბარკავა, ე. დოლიძე, თბ., 1978; ბ ა ბ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ზ., ნ ოზ ა ძ ე თ., მამულიშვილთა სავანე, თბ., 1994; უ რ უ შ ა ძ ე ლ., უცნობი ნიკო კეცხოველი, თბ., 2009.