კეშელავა ვლადიმერ ანტონის ძე (24. VIII. 1893, თბილისი, – 2. III. 1981, იქვე), მხატვარი-გრაფიკოსი. საქართველოს ხელოვნების დამს. მოღვაწე (1958). 1930 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამხატვრო აკადემია (პედაგოგები – ე. ლანსერე, ე. თათევოსიანი, ი. შარლემანი). 1936-იდან იქვე ეწეოდა პედ. მოღვაწეობას, იყო გრაფიკის კათედრის გამგე (1943-იდან – პროფესორი). მუშაობდა დაზგური გრაფიკის დარგში. 1928-იდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში. ნამუშევრები: „კასპის ცემენტის ქარხანა" (1932), „კვირიკეთი. ჩაის პლანტაციები" (1940, მონოტიპია), „თბილისის ახალი სანაპირო" (1942), „ინდუსტრიული ტყვარჩელი" (1953, ესტამპების სერია), „ბორჯომი. ლიკანი" (1955, ავტოლითოგრაფია), „ბორჯომის ხეობა" (1955), „ქვიშხეთი" (1956), „ზღვის პეიზაჟი" (1957), „ზაკოპანე" (1960), „პრაღა" (1960) და სხვ. გამოფენები: ამიერკავკასიის ფედერაციის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა (1932, თბილისი), რესპ. სამხატვრო გამოფენა (1954, თბილისი), საქართვ. სახვითი ხელოვნების გამოფენა (1958, ქართული კულტურის დეკადა, მოსკოვი), საიუბილეო სამხატვრო გამოფენა „საბჭოთა საქართველო" (1961, თბილისი) და სხვ. კ. წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა თბილ. სამხატვრო აკადემიის ოფორტისა და ლითოგრაფიის სახელოსნოებს. მისი ნამუშევრები დაცულია შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმში, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნულ გალერეაში, აფხაზეთის სახელმწიფო მუზეუმში (სოხუმი), დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
თ. გერსამია