კვარაცხელია პავლე დიმიტრის ძე (20. VII. 1883, სოფ. ნაა, ახლანდ. ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი, – 12. XI. 1973, ქ. ფორტლოდერდეილი, აშშ), საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი, ბოტანიკოსი, პედაგოგი, ქართ. პოლიტ. ემიგრაციის თვალსაჩინო წარმომადგენელი. საბუნებისმეტყველო მეცნ. დოქტორი, პროფესორი. დაამთავრა გორის საოსტატო სემინარია (1904). 1913–14 სწავლობდა პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინ-ტში. 1905-იდან იყო საქართვ. სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზ-ბის, საქართვ. ეროვნ. საბჭოს წევრი (1917–18), საქართვ. დემოკრ. რესპუბლიკის განათლების მინისტრის თანაშემწე (1918–19). 1919 საქართვ. ეროვნ. მთავრობამ რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა, მ. შ. კ. საზღვარგარეთ სასწავლებლად გააგზავნა. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, კ-მ უარი განაცხადა საბჭოთა ხელისუფლებისაგან სტიპენდიის მიღებაზე და სამშობლოში აღარ დაბრუნდა. 1920-იდან ცხოვრობდა აშშ-ში, სადაც 1923 დაასრულა კორნელის უნ-ტის საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი. 1945-მდე მოღვაწეობდა ამავე უნ-ტის ტომპსონის სახ. მემცენარეობის ინ-ტში, იყო ინ-ტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი და ლაბორ. ხელმძღვანელი, იქვე კითხულობდა ლექციებს. იყო ბოტანიკისა და მემცენარეობის დარგში არაერთი სადისერტაციო ნაშრომის სამეცნ. ხელმძღვანელი და ოფიც. ოპონენტი.
კ-მ აშშ-ში მოღვაწე სხვა ქართვ. ემიგრანტებთან ერთად დააარსა აშშ-ის ქართ. სათვისტომო (1931). იყო ნიუ-იორკის ქართ. სათვისტომოს პირველი თავ-რე, 1924-იდან – პოლიტ. ორგანიზაცია „თეთრი გიორგის" წევრი. შედიოდა „საქართველოს გათავისუფლებისათვის ამერიკული კომიტეტის" შემადგენლობაში. „ნაურის" ფსევდონიმით აქტიურად თანამშრომლობდა ქართ. ემიგრანტულ პრესასთან („დამოუკიდებელი საქართველო", „ქართული აზრი", „კავკასიონი" და ა. შ.).
კ-ს ანდერძის თანახმად, მისი ფერფლი ოკეანეზე მოაბნიეს. კ-ს „მოგონებების" ნაწილი გამოქვეყნდა ჟურნ. „კავკასიონში" (პარიზი).
ლიტ.: ნ ო ზ ა ძ ე ვ., პავლე კვარაცხელია, «კავკასიონი», წგ. 16–17, პარიზი, 1972–73; შ ა რ ა ძ ე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 2, თბ., 2001.
ლ. ურუშაძე