კვარაცხელია ტარასი ყარამანის ძე

კვარაცხელია ტარასი ყარამანის ძე [10(22). IV. 1889, სოფ. ნაკიფუ, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, – 27. VIII. 1951, თბილისი], აგრონომი. სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი (1936), პროფესორი (1946), სა­ქართვ. მეცნ. აკად. (1941) და საკავშირო სას.-სამ. მეცნიერებათა აკად. აკადემიკოსი (1948), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1946). 1925 დაამთავრა თსუ-ის აგრონ. ფაკ-ტი. იკვლევდა სუბტროპ. კულტურების დიფერენცირებული აგროტექნიკის, ნიადაგის ეროზიის და მის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს. შეისწავლა და გამოავლინა სუბტროპ. კულტურების ახ. რ-ნები; დაადგინა, რომ კონტინენტური სრულასაკოვანი ხეხილის ფესვთა სისტემა იკავებს რიგთაშორისების მთელ ფართობს, სიღრმეში კი აქტ. ფესვების უმეტესი ნაწილი საშუალოდ 30 სმ-ზე ღრმად არ ვრცელდება. ამ გამოკვლევების საფუძველზე დამუშავდა ბაღის გაშენებისა და მოვლის აგროტექნიკა.

კ. არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. მისი თანაავტორობით გამოცემულია ნაშრომი „მეჩაიეობა" (1950), რ-იც თარგმნილია რუს. და ჩინ. ენებზე. მიღებული აქვს სა­ხელმწ. ჯილდოები.

თხზ.: მანდარინის ბაღის მოვლა, ტფ., 1925; ნიადაგის გადარეცხვა და წალეკვა ჩაის პლანტაციებზე, ტფ., 1933; ჩაის ბუჩქი და მისი თანამგზავრი კულტურები, ტფ., 1936. ბიბლ.: ტარასი კვარა­ცხე­ლია. ბიობიბლიოგრაფია, შემდგ. ნ. ბაღათურია, ი. დუდუჩავა, თბ., 1980.

გ. თოდუა