კვერნაძე ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე, ლიტ. ფსევდონიმი – ნ ი კ ო გ ე რ გ ე ს ე ლ ი (VI. 1893, სამტრედია, – VIII. 1924, თბილისი), მწერალი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, 1921–24 საქართვ. ეროვნ.-განმათ. მოძრაობის აქტ. მონაწილე, 1913-იდან საქართვ. სოც.-დემოკრ. (მენშევიკური) პარტიის წევრი. 1912 დაამთავრა ქუთაისის ქართ. სათავადაზნაურო გიმნაზია. 1918–23 აქტ. თანამშრომლობდა ქართ. პერიოდულ პრესასთან. აქვეყნებდა ნარკვევებს, მცირე ესკიზებს და დრამებს. 1923 თბილისში გამოსცა სამმოქმედებიანი დრამა „ნიღაბქვეშ". მასვე ეკუთვნის სამმოქმედებიანი პიესა „დიდების მემკვიდრენი", რ-იც დაკარგულად ითვლება.
საქართველოს დემოკრ. რესპუბლიკის (1918–21) საბჭ. რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 თებ.–მარტი) შემდეგ (1922–23) იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის რწმუნებული. 1923 დამლევს საქართვ. სსრ „საგანგებო კომისიამ" (ე. წ. „ჩეკა") დააპატიმრა. მეტეხის ციხეში განაგრძობდა აქტ. პოლიტ. მოღვაწეობას. შექმნა მწერალთა ფარული ორგანიზაცია, რ-მაც მისი რედაქტორობით 1923–24 გამოსცა ხელნაწერი ლიტ.-პოლიტ. ჟურნ. „მეტეხის" 5 ნომერი (ამჟამად დაკარგულად ითვლება). 1924 აგვისტოში თბილისში „საგანგებო კომისიის" გადაწყვეტილებით კ. დახვრიტეს.
ლიტ.: მ ა ნ წ კ ა ვ ა ის., ნიკო გერგესელი, «კავკასიონი», წგ. 4, პარიზი, 1930.
ლ. ურუშაძე