კვაჭაძე იოსებ მახარობლის ძე (31. X. 1926, სოფ. ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 8. VII. 1993, თბილისი), პედიატრი. კლინიკური გენეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1971), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1984).
1946 დაამთავრა თსსი; 1965–71 თბილისის ექიმთა დახელოვნების ინ-ტის პედიატრიის კათედრის დოცენტია. 1972-იდან განაგებდა თსსი-ის ჰოსპიტალური პედიატრიის კათედრას. კ. შეისწავლიდა პედიატრიის ბიოქიმიურ, მორფოლოგიურ და იმუნო-გენეტიკურ საკითხებს, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებათა ეტიოპათოგენეზს. ბავშვის ორგანიზმში აღმოაჩინა პარაზიტი ტოქსოპლაზმა, შექმნა ნივთიერებათა ცვლის კონსტიტუციურ მოშლილობათა და რევმატიული ჯგუფის დაავადებათა კვლევის ახალი მიმართულება, შეისწავლა ნაწლავთა შეწოვის ფუნქციის დარღვევით მიმდინარე დაავადებები – მუკოვისციდოზი, ცელიაკია, ექსუდაციური ენტეროპათია, დისაქრიდული უკმარისობა; იმუნოდეფიციტის სინდრომით მიმდინარე პათოლოგიები; რევმატიზმი და სხვ.
კ. არის მრავალი სამეცნ. შრომის, მ. შ. 10 მონოგრაფიის, 2 სახელმძღვანელოს, 11 მეთოდ. რეკომენდაციის ავტორი.
1988-იდან იყო საქართვ. პედიატრთა საზ-ბის, ხოლო 1986-იდან - საქართვ. რევმატოლოგთა საზ-ბის ბავშვთა სექციის თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი, თბ., 1968; ზოგიერთი თანდაყოლილი და მემკვიდრეობითი დაავადება ბავშვებში, თბ., 1983; ენდოკარდიუმის ფიბროელასტოზი ბავშვებში, თბ., 1989; მუკოვისციდოზი ბავშვთა ასაკში, თბ., 1990; ბავშვთა დაავადებები, ტ. 1, თბ., 1990.