კვალიაშვილი ეკა ფირანის ასული

კვალიაშვილი ეკა ფირანის ასული (დ. 20. III. 1965, თბილისი), საესტრადო მომღერალი. 1982 დაამთავრა სპი-ის ტელემექანიკის ფაკ-ტი. სწავლის პერიოდში მღეროდა ინ-ტისა და ტელევიზიის საესტრადო ორკესტრებში, ანსამბლ „ჯორჯიასა" და ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ „შანსში". მაღალი ვოკალური შესაძლებლობის მქონე მომღერალი ასრულებს ღრმად ემოციური ჟღერადობის სიმღერებს – გ. გაჩეჩილაძის „აღარ გელოდები", მ. კვალია­შვი­ლის „გაზაფხულზე სიყვარული მოვა" და სხვ. 1995 გაიმარჯვა კონკურსში „ბათუმის ტრუბადური" (გრან-პრი 95), ამავე წელს გახდა სატელევიზიო კონკურსის – „გალას" ნომინანტი. იგი მრავალი ჯილდოსა და პრემიის მფლობელია, მათ შორისაა „მის როკ-ევროპა-92", „მეგა 2000", „ოქროს დისკი", „2000 წლის ბოლო ათწლეულის საუკეთესო შემსრულებელი", „ლიგა-96" და სხვ.

კ-ის რეპერტუარი მრავალფერო­ვანია, ასრულებს სხვადასხვა ჟანრის (ფოლკლორი, ჯაზი, სოული, პოპი და რომანსები) ნაწარმოებებს. მართავს სოლო კონცერტებს. ჩაწერილი აქვს რამდენიმე ალბომი: „დამივიწყე" (1997), „ფერისცვალება" (2001),„როგორ მიყვარხარ" (2005). გასტ­როლებზე იმყოფებო­და საფრანგეთში, ფინეთში, საბერძ­ნეთში, რუსეთისა და უკრაინის ქალაქებში, მ. შ. მოსკოვსა და კიევში.

ნ. გელოვანი