კელასური

კელასური, მდინარე ­აფხაზეთში. სათავეს იღებს ბზიფის ქედის სამხრ. კალთაზე, ხიმსის მყინ­ვა­რიდან, 2582 მ სიმაღლეზე. ­ერთვის შავ ზღვას სოფ. კელასურთან. სიგრძე 42 კმ, აუზის ფართ. 220 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლის, მიწისქვეშა და მყინვარული ­წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგო­მაზე – ინტენსიური წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყალ­მცირეა ზამთარში. საშ. მრავალწლ. ხარჯი შესართავთან 13,2 მ³/წმ. კ-იდან ზღვა­ში წლიურად ჩაედინება 420 მლნ. მ³ წყალი. ქვემო დინებაში კ-ის ­მარცხ. ნაპირიდან წყლის ნაწილი მიემართება მიწის­ქვეშა კარსტულ ნაპრალში და გამოდის მდ. ბესლეთის სა­თავესთან მძლავრი წყაროების სახით. 1978, შესართავიდან 13 კმ-ზე, კლდეზვავმა დააგუბა მდინარე და წარმოშვა ტბა, რ-ის ფართობია დაახლ. 3 ჰა, უდიდესი სიღრმე 21 მ. კ-ის აუზში, განსაკუთრებით ხეობის ­მარჯვ. მხა­რეს, ხშირია ზედაცარცულ შრეებში გამომუშავებული კარსტული მღვიმეები (იხ. კელასურის მღვიმოვანი).

ი. აფხაზავა