კახნიაშვილი თინათინ ავთანდილის ასული (დ. 29. X. 1962, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზ.- მათ. მეცნ. დოქტორი (1999, მოსკოვი; 2002, თბილისი), პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1984). 1988-იდან მუშაობს აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მეცნიერმკვლევრად, 1999 – პ. ლებედევის სახ. ფიზიკის ინ-ტის (ФИАН, მოსკოვი) ასტრო-კოსმოსურ ცენტრში მიწვეულ მკვლევრად. 2008-იდან ილიას სახელმწ. უნ-ტის პროფესორია. 2000–03 მუშაობდა მიწვეულ პროფესორად რატგერსის (აშშ) და ჟენევის (შვეიცარია) უნ-ტებში, 2005–06 – პროფესორ-მკლევრად კანზასის (აშშ) სახელმწ. უნ-ტში. 2006-იდან არის ლაურენტიან უნ-ტის (კანადა) საპატიო პროფესორი, 2009-იდან – კარნეგი მელონის უნ-ტის (აშშ) პროფესორმკვლევარი.
კ-ის სამეცნ. ინტერესების სფერო მოიცავს კოსმოლოგიასა და ასტროფიზიკას. დაადგინა პირველადი მაგნიტური ველების ევოლუციის კანონზომიერებები სამყაროს გაფართოებისას, გამოითვალა კოსმოლოგიური ფაზური გადასვლებისას გენერირებული გრავიტაციული ტალღების მახასიათებლები. არის ათეულობით სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მიღებული აქვს მრავალი სამეცნიერო ფონდის გრანტი (მ. შ. NASA-ს სამწლიანი გრანტი, 2010, National Science Foundation-ის გრანტი, 2016 და სხვ.).
თხზ.: MMicrowave background signatures of a primordial stochastic magnetic field (თანაავტ.: A. Mack, A. Kosowsky), «Physical Review», D, vol. 65, id.123004, 2002; Gravitational Radiation from Primordial Helical Magnetohydrodynamic Turbulence (თანაავტ.: G. Gogoberidze, B. Ratra), «Physical Review Letters», vol. 100, id.231301, 2008; Testing Lorentz invariance violation with Wilkinson Microwave Anisotropy Probe five year data (თანაავტ.: R. Durrer, Yu. Maravin), «Physical Review», D, vol. 78, id.123009, 2008; Evolution of primordial magnetic fields from phase transitions (თანაავტ.: A. Tevzadze, A. Brandenburg, A. Neronov), «Physical Review», D, vol. 87, id. 083007, 2013; Classes of hydrodynamic and magnetohydrodynamic turbulent decay (თანაავტ.: A. Brandenburg), «Physical Review Letters», vol. 118, id. 055102, 2017.